თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაივლიან. მისი თქმით, ამის შესახებ ახალი კოდექსი შეიმუშავეს, რისი მიზანიც სავალდებულო სამსახურის პოპულარიზაციაა.
“ჩვენ შევიმუშავეთ თავდაცვის კოდექსის ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სამსახურის გავლას მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადების შემცირებასა და სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებს. აღნიშნული რეფორმის მიზანია სავალდებულო სამხედრო სამსახურის მეტი პოპულარიზაცია და ერთიანი სტანდარტით გაწვრთნილი სამხედრო მოსამსახურეებისა და რეზერვის შექმნა. დარწმუნებული ვარ, თქვენთან მჭიდრო კონსულტაციით და თანამშრომლობით შევძლებთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეფორმის გატარებას”,– განაცხადა მინისტრმა პარლამენტში “მინისტრის საათის” ფარგლებში.
მანვე აღნიშნა, რომ 2020 წელს თავდაცვის სამინისტრომ ტერიტორიული რეზერვი გააორმაგა და დამატებით ოთხი ასეული მოამზადა. მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს აქტიურ სარეზერვო სამსახურში მიიღეს დაახლოებით 1000 ადამიანი.