წვიმა, სეტყვა, ქარი – როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 10 მაისამდე არამდრადი ამინდია მოსალოდნელი. საქართველოს უმეტეს რაიონში დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით, ასევე სეტყვა, ხოლო 11 მაისის შემდეგ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.

„საქართველოში, 10 მაისის ჩათვლით, არამდგრადი ამინდი იქნება. უმეტეს რაიონებში დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით, ასევე სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულებით ქარი. დაბლობ რაიონებში, 10 მაისის ჩათვლით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა შესაძლოა +16+17 გრადუსის ფარგლებში იყოს. მთიან რაიონებში ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით +10 +15 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში დაახლოებით + 5 +10 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში დაბალი ტემპერატურა შიდა ქართლშია მოსალოდნელი, სავარაუდოდ +14 +16 გრადუსი. კახეთში +22 +24 გრადუსი იქნება. თბილისში, 11 მაისის ჩათვლით, არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. დროგამოშვებით მოსალოდნელია ქარის გაძლიერება, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა.

11 მაისის შემდეგ, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და შესაძლებელია, 12 და 13 მაისს + 24 +26 გრადუსი დაფიქსირდეს“,-უთხრა გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა ipn-ს.