“ქართული კლუბური კულტურა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი მთავარი სახელგანთქმული პროდუქტია, რომლითაც ყველა ვამაყობთ. მე გამიგია ძალიან ბევრი უკრაინელისგან, ევროპელისგან, ამერიკელისგან, რომ თბილისსა და ბათუმს აქვთ მსოფლიოში საუკეთესო ღამის კლუბები. ისინი არიან თავისუფლების კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილი.
ესე იგი, წინანდალში 500-კაციანი ქეიფი შეიძლება, ნაძვის ხესთან ათასობით ადამიანი დასაშვებია და კლუბები არა. გასაგებია, რომ მათ ხელოვნურად კლავენ ხან ერთი მიზეზით, ხან მეორეთი.
კიევში თითქმის არ ჩაკეტილა კლუბები და ეპიდემიის დროს ახლებიც კი გაიხსნა და ბევრად ნაკლებია კოვიდით დაღუპულები, ვიდრე თბილისში. ახლა ჩვენ ვკარგავთ პროფესიონალებს და ამ სფეროში ქართველებზე დიდი მოთხოვნაა უკრაინაშიც და ევროპაშიც.
ჩემი სრული სოლიდარობა კლუბების კოლექტივებს. ერთი მაგარი კლუბიც უნდა გაიხსნას სუსის შენობაში მას შემდეგ, რაც სუსი გაუქმდება. გარწმუნებთ, არ ვხუმრობ და მალე გახდებით ამის მომსწრე!”
წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭომ ღამის კლუბებს გახსნის უფლება არ მისცა. დღეს შრომის ინსპექცია მათ დასალუქად მივიდა. უწყებას კლუბ ბასიანის ხელმძღვანელობამ და იქ შეკრებილმა ადამიანებმა კლუბის დახურვის უფლება არ მისცეს, რის შემდეგაც კლუბს 10 000-ლარიანი ჯარიმა გამოეწერა. კლუბების ცნობით, ისინი დღეს მუშაობას აპირებენ.