წინაპირობაა, რომ შესაძლებელი გახდეს EU-ში ხორცის და ყველის გატანა – სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ხბოს დაცვის რეგლამენტი მედიასაშუალებებმა “არაადეკვატურად” აღიქვეს და ის შეფასებები, რაც საზოგადოების მხრიდან მოჰყვა, ევროკავშირთან დაახლოების მიზნით მიმდინარე უმნიშვნელოვანეს საქმიანობას ჩრდილს აყენებს და ნეგატიური განწყობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
“აღნიშნული რეგულაციების მიღება ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა იმისათვის, რომ ქართველი ფერმერებისთვის სამომავლოდ შესაძლებელი გახდეს ევროკავშირის ბაზარზე ცხოველური წარმოშობის სურსათის გატანა” – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო და განმარტავს, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში, საქართველოს მხარეს აღებული აქვს ვალდებულება, ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას დაუახლოოს.
“საკანონმდებლო დაახლოების აღნიშნული პროცესი გაწერილი და შეთანხმებული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. 2015 წლიდან დღემდე, 272 დირექტივიდან მიღებული და დაახლოებულია 162 ნორმატიული აქტი სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით, მათ შორისაა, ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული დირექტივები, რომელიც, ასევე, DCFTA-ით არის გათვალისწინებული.
ზემოაღნიშნულის ფარგლებში, შემუშავებულია ფერმერული მიზნით შენახული ცხოველების დაცვის წესის პროექტი, ხოლო ხბოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა. რეგლამენტი 2008 წლის 18 დეკემბრის ევროსაბჭოს 2008/119/EC დირექტივის შესაბამისად მომზადდა და ითვალისწინებს 6 თვემდე ასაკის მსხვილფეხა საქონლისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, სადგომის შესაბამის სივრცეს, სათანადო საკვებ რაციონსა და ა.შ., რაც, შემდგომ, უზრუნველყოფს პროდუქტიულობის ზრდას და უვნებელი და ხარისხიანი სურსათის წარმოების წინაპირობაა.
გაწერილი გეგმის მიხედვით,აღნიშნული დადგენილების მიღების ვადად განსაზღვრული იყო 2022 წელი, ხოლო მისი ამოქმედების ვადაა 2028 წლის პირველი იანვარი” – ნათქვამია განცხადებაში.