წინასაარჩევნოდ პოლიტიკური დაძაბულობის ესკალაცია არ უნდა ხდებოდეს – ევროპარლამენტარი

“წინასაარჩევნოდ პოლიტიკური დაძაბულობის ესკალაცია არ უნდა ხდებოდეს”- ამის შესახებ ესტონელმა ევროპარლამენტარმა მარია კალიურანდმა “მთავარ არხთან” ინტერვიუში, განაცხადა. ევროპარლამენტარი ოპოზიციას და “ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდებს პარლამენტში შევიდეს და შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ საკითხებზე მუშაობა დაიწყოს.

ჩემი ინფორმაციით, ევროკავშირის თავმჯდომარე დათანხმდა, რომ ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისია იქნება გაგზავნილი საქართველოში. ეს ჯერჯერობით წინასწარი შეთანხმებაა, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება.

როგორც მართლმსაჯულების, ასევე, საარჩევნო რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ესენია საკვანძო პუნქტები საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ეს რეფორმები გატარდეს არამხოლოდ, მმართველი პარტიის, არამედ ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით. შარლ მიშელის დოკუმენტში შეთანხმებაზე მეტად, მნიშვნელოვანია, რომ მხარეები ჩაწვდნენ დოკუმენტის სულისკვეთებას, ეს ნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური დაძაბულობის ესკალაცია არ უნდა ხდებოდეს, რაც უკვე შეინიშნება. რა თქმა უნდა, იქნება პოლიტიკური წინასაარჩევნო კამპანიები და ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ მხარეებმა ერთმანეთის მიმართ პატივისცემა უნდა გამოიჩინონ”, – თქვა კალიურანდმა “მთავართან” ინტერვიუში.