წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა 10.7%-ს შეადგენს – ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბოლო 11 თვის წინასწარი მონაცემების მიხედვით, ეკონომიკური ზრდა შეადგენს 10.7%-ს, რაც, მისი თქმით, ორნახევარჯერ მეტია თავდაპირველად პროგნოზირებულზე. მისივე თქმით, წლიური ზრდის ტემპიც 10.7% იქნება.

“მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელიც და 59.6 მილიარდ ლარს შეადგენს. ექსპორტის ზრდამ შეადგინა 26.7%, მათ შორის ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ 28.7%. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წინა წელთან შედარებით 112%-ით გაიზარდა და 2019 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებლის 37% შეადგინა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ივლისიდან მოყოლებული ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის ანალოგიური თვის 50%-ს აჭარბებს, ნოემბერში 55% იყო.

პირველ 11 თვეში წმინდა ფულადი გზავნილები 25.4%-ით გაიზარდა. წლიურად ჩვენ ველოდებით, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 10.5%-მდე შემცირდება, ხოლო საშუალო ვადიან პერიოდში დაუბრუნდება 5%-იან მაჩვენებელს. მთლიანი შიდა პროდუქტი 50%-მდე შემცირდა, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი თავდაპირველად დაგეგმილ 7.6%-ის ნაცვლად შემცირდა 6.1%-მდე. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა შეჯამებისთვის, რომ 2021 წელს ჩვენ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას”,– თქვა ღარიბაშვილმა.