“წინა დღეებში მეგის დაუნიშნეს რაღაც ტაბლეტები…“ – გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატი

გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატის ვახტანგ ბარამაშვილის  განცხადებით ოჯახს აქვს კითხვები, რამდენად დროულად აღმოუჩინეს დახმარება ექთანს და ის ახალციხეშივე ხომ არ გარდაიცვალა.

ადვოკატი აცხადებს, რომ ექთანს წინა დღეებში მედიკამენტები დაუნიშნეს, თუმცა რა სახის აბებზე იყო საუბარი მათთვის უცნობია, რაც ოჯახს დამატებით ეჭვებს უჩენს.

“ოჯახს აქვს კითხვები რამდენად დროულად აღმოუჩინეს დახმარება. ოჯახს აინტერესებს, ხომ არ იყო მეგი გარდაცვლილი უკვე ახალციხეში და ხომ არ მოხდა უკვე გარდაცვლილის თბილისში გადმოსვენება.

ოჯახის ინფორმაციით, წინა დღეების განმავლობაში მეგის დაუნიშნეს რაღაც ტაბლეტები, რაზეც არ ვართ ინფორმირებული ზუსტად რა ტაბლეტია, თავად მეგიმაც არ იცოდა, რა ტაბლეტებზეა საუბარი, რა აბები მიიღო. მათ შორის, ეს შესაძლოა საკვანძო აღმოჩნდეს.

მკლავზე აქვს სავარაუდოდ ალერგიული რეაქცია და ეს, რა თქმა უნდა, დამატებით ეჭვებს ბადებს,” – განაცხადა მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ მეგი ბაქრაძემ “ასტრაზენეკას” ვაქცინა ახალციხეში, კლინიკა “იმედში” გაიკეთა, რის შემდეგაც ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

გარდაცვლილი 27 წლის ექთნის მეგი ბაქრაძის ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მან „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციის ჩატარებამდე, თავის ტკივილის გამო მედიკამენტები მიიღო. თუმცა, ისინი ექსპერტიზის დასკვნამდე ვერ აკონკრეტებენ, რა გახდა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.

„ჩივილები ჰქონია, რაღაც წამალი მიუღია, რადგან თავის ტკივილი ჰქონია წინა დღით. მეორე დღეს წამალი დაულევია და ასაცრელად წასულა. ახლა ვადგენთ, რატომ მიიღო ეს მედიკამენტი, ვინ მისცა. ხელს ვერავის დავადებთ, თუმცა, როგორც ინფორმაცია გვაქვს, ეს მედიკამენტები საავადმყოფოში მისცეს“, – აცხადებს ერთ-ერთი ახლობელი.

გარდაცვლილი ექთნის მეზობლები და ახლობლები ვარაუდობენ, რომ ვაქცინაცია არასწორად ჩატარდა და დროული რეაგირება არც შემდეგ მოხდა.

„არასწორად მოხდა აცრა, ან ვაქცინა არასწორად იყო შენახული ან ნემსი დაუდევრობით გააკეთეს. შეიძლება ექიმი ინფორმირებული არ იყო და გააკეთა ის, რაც არ უნდა გაეკეთებინა. ალბათ, არ იყვნენ გადამზადებულები და მომზადებულები ვაქცინაციისთვის, რის გამოც ვერც ვაქცინაცია ჩაატარეს და ვერც დახმარება გაუწიეს. უნდა გაეკეთებინათ სინჯი, ალერგიული იყო თუ არა“, – აცხადებს ერთ-ერთი ახლობელი.