მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლ კაციას თქმით, ეპისკოპოსების ნაწილი სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით პატრიარქთან შეხვედრას გეგმავენ.
მისი თქმით, შეხვედრაზე გადაწყდება, როგორ ჩატარდება სააღდგომო ღვთისმსახურება, მისი აზრით კი , ის შეიძლება დილით ჩატარდეს.
,,ვიმსჯელებთ პატრიარქთან ერთად. ჩვენ თვითონ გვაინტერესებს ეს. ჩავატაროთ მშვიდად ბზობა და მერე მივდივართ პატრიარქთან და როგორც გვაკურთხებენ… მე ვფიქრობ, რომ სადმე მონასტერში შეიძლება ჩატარდეს ღამისთევით და [სხვაგან] შეიძლება დილით ჩატარდეს წირვა, რომ არ დავარღვიოთ კანონი”- ამბობს მეუფე გრიგოლი.
საქართველოში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ 3 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია, საკვირაო წირვა-ლოცვა დღესაც ჩატარდა.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ გაიმართება სააღდგომო ლიტურგია, თუმცა პატრიარქმა განაცხადა, რომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს. მთავრობასა და საპატრიარქოს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.