მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები 6 დღეში დასრულდება. შესაბამის განცხადებას, GWP-ი ავრცელებს.
“სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერდის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისიდან 24-საათიან უწყეტ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს
მეწყრულ ფერდობზე უკვე მეშვიდე ტერასა ეწყობა. დატერასების სამუშაოების პარალელურად ადგილზე მილის საძიებო სამუშაოები სპეციალური ტექნოლოგიებით ხორციელდება. დატერასების სამუშაოების დასრულების შემდეგ დაზიანებული მილის მონაკვეთი ლოკალურად შეკეთდება” – აცხადებს კომპანია.
16 ივნისს, სოფელი წიწამურის მიმდებარედ მაგისტრალური წყალსადენი დაზიანდა, რის გამოც უკვე მეოთხე დღეა, სასმელი წყალი არ, ან შეფერხებით მიეწოდება ქალაქ მცხეთას, თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს. ჯივიპის თქმით, წყალმომარაგების შეზღუდვა თავდაპირველად 100 000-ზე მეტ აბონენტს ეხებოდა, საგანგებო რეჟიმზე დადასვლის შემდეგ კი, ეს რიცხვი 63 351 აბონენტამდე შემცირდა.
ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერმა (GWP) საზოგადოებას უთხრა, რომ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, “მესამე პირების” ჩარევის შედეგად დაზიანდა.
“ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი მდებარეობს მდინარე არაგვის ხეობაში. ჯივიპისგან დამოუკიდებლად, მესამე პირების მიერ, დროთა განმავლობაში ხდებოდა აღნიშნული ტერიტორიის ნაყარი მასალით შევსება, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი.
ხელოვნურად ნაყარი მიწის მასა დიდ ფართობზეა გაშლილი, არის მეწყერული და ნებისმიერი მანიპულაციის დროს იწყებს ჩამოშლას. შესაბამისად, რთულდება როგორც ცოცხალი ძალით, ასევე ტექნიკით მუშაობა”. – წერია ჯივიპის განცხადებაში.