“წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, დეპრესია” – ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მესამე დასკვნა გამოაქვეყნა. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრი ექიმების რეკომენდაციები ისევ შეუსრულებელია.
“ჩვენი დასკვნაა, რომ გარდა მედიკამენტური მკურნალობისა, რომელიც მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია, ვფიქრობ, რომ მკურნალობაში უნდა ჩაერთოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. ეს საპატიმროს პირობებში ნაკლებად რეალისტურია, თუმცა შეუძლებელი არ უნდა იყოს და მაინც უნდა იყოს ნაცადი, სხვა რეკომენდაციები ამ ეტაპზე არ გვაქვს.
ფსიქოთერაპია და ფიზიკური რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს მის ადეკვატური კვების რეჟიმის აღდგენასაც, დამატებითი კვლევის თვალსაზრისით, მიგვაჩნია, რომ მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრამა უნდა იყოს ჩატარებული. ხოლო ნევროლოგიური თვალსაზრისი საჭიროა მონიტორინგი და იმ შემთხვევაში, თუ მოხდება დაავადების პროგრესირება, შესაბამისი კვლევების ჩატარებაა სიმპტომატიკის მიხედვით”, – ამბობს კონსილიუმის წევრი თენგიზ წულაძე.
დასკვნის მიხედვით, სააკაშვილის მდგომარეობა კვლავ საყურადღებოა, აქვს წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, ანემია და პოსტტრავმული, ნერვული აშლილობა.
“პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო, კვლავ რჩება ნევროლოგიური სიმპტომატიკა, ის არ გაუმჯობესებულა, 12 დეკემბრის მერე. გამოხატულია პოლინეიროპათიის სიმპტომატიკა, მხედველობითი სიმპტომატიკა, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, ასევე რჩება ანემია, თუმცა ეს მანამდეც იყო და პოსტტრავმული ნერვული აშლილობა და დეპრესია, რომელიც არ შეფასებულა ბოლო ვიზიტზე, თუმცა ვიხელმძღვანელეთ 12 დეკემბრის ვიზიტით და დაახლოებით იგივე მდგომარეობითაა ახლაც”, – ამბობს კონსილიუმის წევრი თენგიზ წულაძე.