კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ამტკიცებს, რომ სააკაშვილმა ხელოვნურად დააჩქარა ბაგრატის ტაძრის სახურავის ჟანგვის პროცესი, რათა ის მისთვის მოსაწონი ფერის გამხდარიყო.
“სააკაშვილის დროს, როდესაც ბაგრატი გადაიხურა სპილენძის თუნუქით, როგორც ჩანს, ეს თუნუქი მაშინდელი პრეზიდენტისთვის მოსაწონ ფერად რომ ყოფილიყო შეფერილი, მისი ჟანგვის პროცესი იქნა ხელოვნურად დაჩქარებული იმდენად, რომ დღეს წვიმის წყალთან ერთად ეს ქიმიური ნივთიერება ჟონავს. რა თქმა უნდა, ჩვენ შევძლებთ, რომ ეს ხარვეზებიც ეტაპობრივად აღმოიფხვრას”,– ამბობს მინისტრი TV იმედთან საუბრისას.
სამინისტროში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევითი და საპროექტო სამუშაოების ჩაბარების პროცედურა, რის შემდეგაც პრობლემების აღმოფხვრის გეგმა შემუშავდება.
ბაგრატის ტაძარში სახურავიდან რამდენიმე ადგილას წყალი ჩადის. ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანეს თქმით, პრობლემას დიდი მასშტაბი არ აქვს, თუმცა ის პროფესიონალმა რესტავრატორებმა უნდა შეაკეთონ.