წულუკიანის კომისიამ დასკვნის პროექტს კენჭი უყარა და “ერთხმად მიიღო”. ხვალ, 5 აგვისტოს კომისიას უფლებამოსილების ვადა ეწურება, რის შემდეგაც, 430-გვერდიანი დასკვნა პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნება.
დასკვნა ჯერჯერობით არ გასაჯაროვდება – მისი სრულად წარდგენა და გამოქვეყნება სექტემბერში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზეა დაგეგმილი.
“ბიურო როცა ჩათვლის საჭიროდ, კანონმდებლობით დადგენილი წესებით და ვადაში, ჩანიშნავსსხდომა, რომელზეც ჩვენ ამ დასკვნით წარვდგებით. ჩვენი ვარაუდით, ეს იქნება სექტემბრის პირველივე დღეებში და სწორედ პლენარულ სხდომაზე გასაჯაროვდება დასკვნა. უფრო მეტიც, მოხდება ამ დასკვნის პუნქტობრივი განხილვა.[…]
პარლამენტს აქვს ამის შესაძლებლობა, შესანიშნავი სტამბა, თანამშრომლები. კარგი იქნებოდა, პლენარული სხდომისთვის გარეგნულად სამუშაო ვერსიით კი არა, არამედ, მაგალითად, დასტამბული, წიგნის სახით, დიზაინერი რომ თავის წვლილს შეიტანს, ასეთი ფორმით შევთავაზოთ თითოეულ ჩვენს კოლეგას. და პლენარული სხდომის მერე დავბეჭდოთ მეტიც, იმისთვის, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდებმა წაიკითხონ.
… ასევე, ბატონი თენგიზი [შარმანაშვილი] ხშირად ამბობს თარგმანთან დაკავშირებითაც, რომ ითარგმნოს, რადგან ამ დასკვნას ვინც წაიკითხავს, ნახავს, რომ ზოგიერთი უცხო ქვეყნის წარმომადგენლის განცხადება თუ შეფასება საქართველოს მოქალაქისთვის, განსაკუთრებით იმისთვის, ვინც ნაციონალური მოძრაობის დანაშაული თავის თავზე იწვნია, არის ხოლმე სრულიად გაუგებარი. და ამას განაპირობებს ის, რომ მოცემულმა უცხო ქვეყნის წარმომადგენლებმა არც კი იციან, რაში იცხოვრა საქართველომ 2003-დან 2012 წლამდე. ეს დასკვნა მათ უნდა დაეხმაროთ ჩვენს გაგებაში, საქართველოს გაგებაში და იმ ქართველების გაგებაში, რომლებიც დღეს საქართველოში უმრავლესობაში არიან და აღარ სურთ ნაციონალური მოძრაობის და მათთან დაკავშირებული პირების ხელისუფლებაში მოსვლა.
ამიტომ, რაკი ქართული მათ არ იციან, ბატონი ალუდა [ღუდუშაური] მიანიშნებდა, რომ ქართული განსაკუთრებული ფენომენი და ენაა, ეს მართლაც ასეა, ალბათ, უნდა ვისურვოთ, რომ ითარგმნოს ეს მინიმუმ ინგლისურ ენაზე, ამიტომ დღეიდან დავძრავდით პროცედურებს როგორც თარგმანის, ასევე პირველ რიგში, დაბეჭდვის მიმართულებით” – თქვა წულუკიანმა.