საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მოადგილეების წარდგენაზე საქართველოს კულტურის კოდექსის შექმნა დააანონსა.
წულუკიანი თქმით, კულტურის კოდექსის შექმნის პროცესს სათავეში მისი მოადგილე, იოსებ ბაღათურია ჩაუდგება. ბაღათურია ამავდროულად სამინისტროს საპარლამენტო მდივანი იქნება.
მისი მოადგილეები იქნებიან: კახა სიხარულიძე, სოსო გიორგაძე და იოსებ ბაღათურია. წულუკიანმა მოადგილეებს მადლობა გადაუხადა და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
„მინდა წარმოგიდგინოთ მინისტრის პირველი მოადგილე, კახა სიხარულიძე. ის ჩვენ ოთხს შორის ყველაზე პატივსაცემი ადამიანია, მას აქვს ყველაზე დიდი გამოცდილება ჩვენს შორის საჯარო სამსახურში მუშაობის მხრივ. ასევე, აქვს პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის ჩვენზე მეტი გამოცდილება, ვინც აქ ვართ. კახა სიხარულიძე გახლავთ კარიერული დიპლომატი, ის დიპლომატიურ სამსახურშია და ემსახურება საქართველოს 1993 წლიდან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იკავებდა სხვადასხვა დროს მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილის, სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელის თანამდებობას. ის ასევე გარკვეული დროის განმავლობაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი იყო. კახა სიხარულიძე ასევე გახლდათ ჩვენი ქვეყნის ელჩი ჩეხეთში, ჩინეთში, იტალიაში, სან-მარინოსა და მალტაზე. ბატონი კახა ჩემთან ერთად იმუშავებს საერთაშორისო საკითხებზე, რომელიც მრავლად არის ამ სამინისტროში და მთლიანად სფეროს, ჩვენს სამინისტროს, ორგანიზაციებს, ასევე თითოეულ შემოქმედს დაეხმარება, რომ ქართული კულტურა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს საერთაშორისო ასპარეზზე.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იქნება სოსო გიორგაძე. მას ალბათ ჩემთან ერთად წარდგენა ნაკლებად სჭირდება, ვინაიდან ის, როგორც პროფესიონალი იურისტი, წლების მანძილზე, როდესაც ჩვენ ფეხს ვიდგამდით პოლიტიკაში, ჩემი გუნდის წევრი იყო, მათ შორის 2012 წლის ზაფხულში. ის სხვადასხვა დროს იკავებდა იუტისციის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობას, იყო იუსტიციის სახლის გენერალური დირექტორი, გახლდათ სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე. 1-ელი აპრილიდან ის ჩვენთან ერთად ამ სამინისტროში შეუდგება მინისტრის მოვალეობის შესრულებას. უმნიშვნელოვანესია, რომ ის, როგორც ჩვენს შორის ყველაზე ახალგაზრდა, უხელმძღვანელებს სწორედ ახალგაზრდობის საკითხებს და სპორტის საკითხების კურატორიც იქნება.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იქნება ასევე იოსებ ბაღათურია. მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია იურისპრუდენციაში, პრაქტიკოსი იურისტი. ასევე გახლავთ სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში და წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მას აქვს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, სასამართლო სისტემაში ძალიან პრაქტიკული, მნიშვნელოვანი გამოცდილება. ის იქნება ჩვენი სამინისტროს საპარლამენტო მდივანი და სათავეში ჩაუდგება საქართველოს კულტურის კოდექსის შექმნის პროცესს“,-განაცხადა წულუკიანმა.