წულუკიანმა ყოფილი ციხე ალტერნატიულ კულტურულ სივრცედ გადააკეთა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით, ორთაჭალაში ყოფილი მე-12 პენიტენციური დაწესებულება ალტერნატიულ კულტურულ სივრცედ გადაკეთდა. ყოფილ ციხეს “ალტერნატიული კულტურული სივრცე N12” დაერქვა.  სამინისტროს განცხადებით, სივრცე მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის თეატრალური დასის სპექტაკლით “მარინა რევიას” გაიხსნა. მინისტრის თქმით, სივრცით სარგელობას, ნებისმიერი ხელოვანი შეძლებს.

“ხელოვანებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ალტერნატიული სივრცეები და თანამედროვეობას უფრო შეეფერება, რომ გარკვეული შემოქმედებითი პროცესები მიმდინარეობდეს არა ტრადიციულ, კლასიკურ სივრცეებში, როგორიც შეიძლება იყოს დიდი თეატრები ან თუნდაც, ოპერა ან მუზეუმი, არამედ ეს ხდებოდეს ალტერნატიულ სივრცეებში. თბილისში ასეთი იქნება „ალტერნატიული სივრცე N12“. ჩვენ სიმბოლურად შევინარჩუნეთ ეს სახელი, რათა ჩანდეს, თუ საიდან მოდის ეს ადგილი, ნეგატივის, თავისუფლების აღკვეთის, დანაშაულის ადგილი გადაიქცევა კულტურულ სივრცედ, სადაც ნებისმიერ ახალგაზრდას თუ უფროსი თაობის წარმომადგენელს შეეძლება, რომ თავისი შემოქმედებითი პროექტი განახორციელოს”, – თქვა თეა წულუკიანმა.