წულუკიანს პარლამენტი ეპატარავება, მოწოდებით მინისტრად არის დაბადებული – ელისაშვილი

დღეს პარლამენტში განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის სხდომაზე კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფის თაობაზე კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, ოცნება წულუკიანს ცალკე სამინისტროს უქმნის.

“ეპატარავება ქალბატონ წულუკიანს პარლამენტი და სჭირდება, რომ ცალკე სამინისტრო შეუქმნან – მოწოდებით მინისტრად არის დაბადებული”,- თქვა მან სხდომის დაწებაზე.

მისივე განცხადებით, სამინისტროს გამოყოფას მხარს არ დაუჭერს, რადგან ეს ხარჯებს გაზრდის.

“კატეგროიულად არ ვემხრობი იმ აზრს, რომ კულტურის სამინისტრო ცალკე გამოეყოს და ცალკე შეიქმნას კულტურის კომიტეტი პარლამენტში, ეს ხარჯებს გაზრდის და გაღატაკებულ ქვეყანაში თუ რამე არ სჭირდება ქვეყანას, არ სჭირდება დამატებით ბიუროკრატიული ხარჯების ზრდა. რა საჭიროა ცალკე კომიტეტი ან ცალკე სამინისტრო?! – “უფრო მეტი ყურადღება რომ მიაქციონ დარგს”, – ეს არის გაუგებარი, ცალკე შენობიდან თუ არ მიაქციე ყურადღება კულტურაში დასაქმებულ ხალხს, ისე ვერ აქცევ? ეს არის აბსურდი და ამას მხარს არ დავუჭერ,”- განაცხადა ელისაშვილმა.