“წყალმომარაგების ტარიფსაც, რომელიც თბილისში, მცხეთასა და რუსთავში, ასევე, როგორც ჩანს, გაიზრდება, რამეთუ ისიც წლების განმავლობაში არ გადახედილა, სოციალურად დაუცველებისთვის სახელმწიფო სრულად დაასუბსიდირებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ამ წუთებში, მიმდინარეობს საქართველოს ელექტროენერგიის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომა, რომლის შედეგადაც, როგორც საქართველოს მთავრობა, ასევე საექსპერტო საზოგადოება ველით, რომ ტარიფი იქნება გაზრდილი. ამას თავისი ობიექტური დასაბუთება და ახსნა აქვს. მოგეხსენებათ, 2017 წელს მოხდა მეთოდოლოგიის ცვლილება, რის შედეგადაც 3 წლის განმავლობაში ტარიფი არ გადახედილა. რა თქმა უნდა, მეთოდოლოგიის ეს ცვლილება შეიძლება სხვადასხვანაირად იყოს შეფასებული, თუმცა დღეის მდგომარეობით ეს არის ფაქტი. ამიტომ ყველას კარგად გვესმის, რომ მოსალოდნელია ტარიფის ზრდა ელექტროენერგიაზე, ისევე როგორც წყალზე, ოღონდ წყლის შემთხვევაში საუბარია თბილისზე, რუსთავსა და მცხეთაზე. ჩვენ, როდესაც ერთის მხრივ ჩვენს მოქალაქეებს, საქართველოს ოჯახებს სოციალურ მიზნობრივ დახმარებას ვუწევთ, ყველას კარგად გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ გაზაფხულზე დავიწყეთ კომუნალური გადასახადის სუბსიდირება საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეს ეხებოდა ელექტრო ენერგიას, გაზს, წყალს, ეს იყო 4 თვის განმავლობაში მაშინ და ასეთი სუბსიდირება დღესაც მიმდინარეობს, რომელიც დაიწყო ნოემბრიდან. ეს სუბსიდირება შეეხო საქართველოს 1.2 მლნ აბონენტს, რაც ფაქტობრივად ნიშნავს 1.2 მლნ ოჯახს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში ჩვენ ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგრადობის შენარჩუნება უზრუნველვყოთ ისე, როგორც შეგვიძლია, იმ რესურსებით, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია და როდესაც თუნდაც ობიექტური მიზეზების გამო ხდება ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის არის შემდგომი ახალი გამოწვევა, რომელსაც ხელისუფლებამ და საქართველოს მთავრობამ რა თქმა უნდა უნდა უპასუხოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის ჩვენ ზუსტად არ ვიცით, ტარიფის ზრდა რა სიდიდით მოხდება, რემეთუ ეს არის კომისიის კომპეტენცია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.