ჭიათურის მერიამ კედელი 45000 ლარად “აღადგინა”, უვარგისი სამუშაოების დასაფარად კი 5400 ლარი დახარჯა

“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, ჭიათურის მერიამ თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე საყრდენი კედელი 45 ათას ლარად ‘აღადგინა’ და უვარგისი სამუშაოების დასაფარად მოხატვისთვის დამატებითი ხარჯი – 5.4 ათასი ლარი გაიღო.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ, მიუხედავად არასრულყოფილად შესრულებული სამუშაოებისა, მაინც გააფორმა მიღება-ჩაბარების აქტი. 2019 წელს კი გადაწყვიტა, რომ კედელი დაეფარათ გრაფიტით და ამისათვის თბილისიდან ჩამოიყვანეს სამხატვრო აკადემიის სამი სტუდენტი. კედლის მოხატვა საერთო ჯამში 5 451 ლარი დაჯდა.

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ჯერ გადამაგრებული და შემდეგ მოხატული საყრდენი კედელი კვლავ სავალალო მდგომარეობაშია.

ამის პარალელურად, ჭიათურის მერიამ იაშვილის ქუჩის სკვერის კედელიც მოხატა და ამ შემთხვევაში სამუშაოები სრულიად უსასყიდლოდ შეასრულებინა ადგილობრივი სამხატვრო სკოლის პედაგოგებს.