“ჭირისუფალი რომ გეუბნება, გაიზიარე ჩემი მწუხარებაო და პასუხობ სანამ ბოდიშს არ მოიხდი არ მოვალო, ამას რა ქვია?!”- ასე ეხმაურება, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებას, უკრაინაში მიწვევასთან დაკავშირებით.
- ”ჭირისუფალი რომ გეუბნება, პატივი მეცი, სამძიმარში მოდი, პატივი მიაგე ჩემს დაღუპულ დედებს, მამებს, შვილებს…გაიზიარე ჩემი მწუხარებაო. შენ რომ პასუხობ, შენზე ნაწყენი ვარ და სანამ ბოდიშს არ მოიხდი, არსადაც არ მოვალო, ამას რა ქვია?!…” – წერს გია ხუხაშვილი.
შალვა პაპუაშვილის თქმით, უკრაინის მხრიდან სხვადასხვა საკითხის “განუმარტებლობის ფონზე” ოფიციალური მიწვევა არასათანადოდ მიაჩნია.
- „რაც შეეხება მოწვევას. ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს. ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს“, – დაწერა პაპუაშვილმა ცოტა ხნის წინ.