ჭიჭინაძე: კაცი ციხეშია და საზეიმო შეხვედრა გაგვიმართეს, გავიმარჯვეთო

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე ოპოზიციის იმ ნაწილს აკრიტიკებს, ვინც შეთანხმებაზე ხელი მოაწერა.

მისი თქმით, შეთანხმებით პოლიტიკური კრიზისი არ დაიძლევა და შესულ დეპუტატებს გარეთ გახარია “გამოყრის”.

„ნიკა მელიას ციხეში გამოკეტვა ყოფილა ქვეყნის გამარჯვება და არ გვცოდნია. კაცი ციხეშია და პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო შეხვედრა გაგვიმართეს, გავიმარჯვეთო. არ შეიძლება არ იყო იმის ერთგული, რასაც პრინციპი და სამართალი ჰქვია! თუ სულ რაღაც 2-3 თვის წინ მიცემულ პირობასაც კი ვერ ასრულებ, ან ამომრჩეველს რაზე უნდა ესაუბრო, ან პოლიტიკოსი რატომ უნდა გერქვას?

მოკლედ, რაც 19 აპრილს მოხდა, ამის ძალიან კარგი შეფასება იქნება შემოდომაზე. როდესაც არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური კრიზისი დაძლეული არ იქნება და დღეს პარლამენტში შესულ ყველ ოპოზიციონერს სწორედ გახარია გამოყრის გარეთ, რადგან ინიციატივა სწორედ მის ხელში გადავა. თუ რა თქმა უნდა ახლა „ოცნებაშიც“ არ შევლენ, ახლა უკვე მთავრობა და ბიუჯეტი რომ შეუნარჩუნონ „ოცნებას“,- აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ცნობისთვის, გუშინ ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს. დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ. მას ინდივიდუალურად ხელი მოაწერეს სალომე სამადაშვილმა და დავით ბაქრაძემ.