ხაბეიშვილი ამბობს, რომ მელია ნაციონალური მოძრაობის რიგებში აღარ ირიცხება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ნიკა მელია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი აღარ არის. ასე უპასუხა მან ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ნიკა მელიასთან დაკავშირებულ კითხვას. ხაბეიშვილმა არ დააკონკრეტა, რა იგულისხმებოდა ამ განცხადებაში – მელია თავად წავიდა თუ გარიცხეს. რამდენჯერმე დასმულ კითხვაზე მან ერთიდაიგივე პასუხი გასცა, რომ მელია პარტიის რიგებში აღარ ირიცხებოდა და წამყვანებს უთხრა, რომ ამასთან დაკავშირებით მოთხოვნის შემთხვევაში დოკუმენტსაც მიაწვდიდა.

გადაცემის წამყვანმა, ვახო სანაიამ სტუდიაშივე დაწერა წერილი შეკითხვით: “ირიცხება თუ არა ნიკა მელია “ნაციონალური მოძრაობის” რიგებში, არის თუ არა ის ოფიციალურად და ფორმალურად პარტიის წევრი”, რაზეც ხაბეიშვილმა წერილობით იქვე უპასუხა, რომ არ არის, და ეს პასუხი ხელმოწერით დაადასტურა.