ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ეხმიანება მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის განცხადებას, რომელმაც გამარჯვება ნიკა მელიას და ძმებ წულუკიძეებს მიუძღვნა.
ხაბეიშვილის თქმით, დათუნაშვილი პოლიტიკური დევნილია, ამიტომ კარგად ესმის უსამართლობა.
“ეს ბიჭი კალაძემ, ივანიშვილმა და მისმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ გააძევა საქართველოდან. სერბეთის სახელით, ევროპის ჩემპიონი გახდა. თავადაც პოლიტიკური დევნილია და კარგად ესმის ყველა უსამართლობა”,– წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
ზურაბ დათუნაშვილმა ევროპის ჩემპიონატში სერბეთის სახელით გამარჯვების შემდეგ თქვა, რომ ნიკა მელია და ძმები წულუკიძეები უკანონოდ სხედან ციხეში, ამიტომ გამარჯვებას მათ უძღვნის.
დათუნაშვილი ქვეყნიდან მას შემდეგ წავიდა, რაც საქართველოს ჩემპიონატზე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე მას ფიზიკურად თავს დაესხა.
თავდასხმის ფაქტზე გეგა გეგეშიძე სამართალდამცავებმა დააკავეს, თუმცა რამდენიმე დღეში სასამართლოს გადაწყვეტილებით ის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა.