„ხავერდოვანი რევოლუციაა“, რადგან ხალხს ლუკაშენკოსთან უძრაობის პერიოდში ყოფნა არ უნდა – მაჭავარიანი

ბელარუსში მიმდინარე მოვლენები მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ მმართველი გუნდიც და ოპოზიციაც ჩამოყალიბდეს, რა უნდა მოხდეს 2020 წლის არჩევნების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოსახლეობა მასობრივად არ დაუჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“, – ასე აფასებს უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, ვანო მაჭავარიანი, ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს.

ვანო მაჭავარიანის თქმით, ბელარუსში რაც ხდება, „ხავერდოვანი რევოლუციაა“, რადგან ხალხს არ უნდა პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან უძრაობის პერიოდში ყოფნა.

„ფაქტია, ლუკაშენკო ქვეყნის შიგნით პოლიტიკურად გაბანკროტდა, მისი მხარდაჭერა არის მინიმალური, ქვეყნის გარეთაც, იქნება ეს ევროპის მიმართულებით, თუ მათ შორის, რუსეთთან, რომელმაც უბრალოდ ლუკაშენკო, როგორც „მოკავშირე“ ჩამოწერა თავისი რიგებიდან.

სიტუაცია საკმაოდ რთულია, ერთი მხრივ, არის ხალხის მღელვარება, მოთხოვნა ცვლილებებისკენ და ლუკაშენკოს წასვლისკენ. მეორე მხრივ, არის რუსეთის პოზიცია, რომელიც არ დათმობს ბელარუსს, როგორც თავის „მოკავშირე“ ქვეყანას. ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია, ბელარუსი ხალხის პოზიცია, ლიდერები რომლებიც გამოიკვეთებიან, მათ შორის სვეტლანა ტიხანოსვკაია.მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, დასავლეთის პოზიცია რუსეთთან მიმართებაში, იმისთვის რომ რუსეთი შეაკავოს ნებისმიერი სამხედრო თუ სხვა ტიპის ჩარევისგან ბელარუსიის შიდა საქმეებში“,-განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ამასთან, როგორც ვანო მაჭავარიანი აცხადებს, ლუკაშენკო ყველა ფრონტის ხაზზე საკუთარ ხალხთან პოლიტიკურ ბრძოლას აგებს.

„მნიშვნელოვანია, იყოს ლიდერი, რომელიც რუსეთს არ მისცემს საბაბს სამხედრო ინტერვენციისას (პირდაპირისას თუ არაპირდაპირის) ან დივერსიისას რასაც ხშირად აკეთებს.სიტუაცია რთულია. მეორე მხრივ, არის ლუკაშენკო, რომელიც ვერ ხვდება, რომ მისი წასვლის დროა, მან დაკარგა თავის მომხრეებშიც სერიოზული მხარდაჭერა, როგორც ჩანს, მთავრობის წევრებში არიან ადამიანები, რომლებიც განიხილავენ იმ სცენარს, როდესაც ლუკაშენკო აღარ იქნება ბელარუსიის პრეზიდენტი. ალბათ, რუსებიც, ამ თვალსაზრისით ეძებენ იმ პიროვნებას, რომელიც მისაღები იქნება გარკვეულწილად, როგორც მათთვის ასევე სახალხო მღელვარების დასაშოშმინებლად“, -განაცხად მაჭავარიანმა.