ხაზარაძე: ვაპირებ, მელიას ვესაუბრო ევროკავშირის გირაოზე და საგამოძიებო კომისიაზე

ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიას უახლოეს დღეებში ციხეში მოინახულებს. მისი თქმით, მელიასთან ორ საკითხზე აპირებს საუბარს.

“ვაპირებ უახლოეს დღეებში შევიდე ნიკა მელიასთან, მოვინახულო იგი და ვისაუბრო ორ საკითხზე, რომ იგი დაეთანხმოს ევროკავშირის გირაოს, რომელიც არის უპრეცედენტო. ევროკავშირი და მისი ფონდები დამნაშავეებისთვის გირაოს არ იხდიან და მან ეს შანსი უნდა გამოიყენოს. ეს იქნება გალაწუნება ქართული ოცნებისთვის და მათი მართლმსაჯულებისთვის”,  -განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, მეორე საკითხი, რაზეც მელიასთან ისაუბრებს, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაა.

“მეორე საკითხი, რომელიც მინდა, რომ მასთან გავიარო ეს არის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა. აქ დიდი დებატების გაშლილი ამნისტიასთან დაკავშირებით. ეს ამნისტია თავის დროზე ჩაწერილი იყო იმიტომ რომ ნიკა მელია გამოგვეყვანა საპყრობილედან, თუმცა ოცნება აპირებს გამოიყენოს იმისათვის, რომ მიჩქმალოს ის დანაშაულებები, რაც არ გამოუძიებია ან თაროზე აქვს შემოდებული. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ რა დააშავა, ვინ რა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და ვინ გადაამეტა უფლებამოსილებას და ამის მერე მოხდება ამნისტირება”, – ამბობს ხაზარაძე.

ხაზარაძე აღნიშნავს, რომ ამნსტიის მომხრეა, რათა საქართველო გადაიტვირთოს, თუმცა ამას წინ უნდა უძღვოდეს ყველა კითხვაზე პასუხი.