ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ციხეში ნიკა მელიას შეხვდა. საპატიმროს დატოვების შემდეგ მან თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას ეთანხმება, თუმცა დეტალურ განცხადებას თავად გააკეთებს.
“ორ ძირითად საკითხზე იყო საუბარი, ეს იყო ევროკავშირის გირაოსა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. პრინციპულად იზიარებს, იმას, რომ ევროკავშირის გირაო არის უპრეცენდენტო რამ. ევროკავშირი დამნაშავეებს გირაოს არ უხდის. არ მინდა მის მაგივრად ვისაუბრო, ალბათ უახლოეს დღეებში იგი თვითონ გააკეთებს განცხადებას საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით. პრინციპულად ეთანხმება იდეას, მაგრამ უფრო დეტალურად მინდა, რომ ნიკამ გააკეთოს განცხადება”,– განაცხადა ხაზარაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირი ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ მათ მიერ გირაოს გადახდა მელიას თავმოყვარეობას და პრინციპებს არ შეეხოს.
ცნობისთვის, ლელოს ინიციატივაა, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას.