ხაზარაძის სიტყვები ბინძურად მოატრიალა ამ მატყუარა მავნებელმა – ხოშტარია ელისაშვილზე

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ეხმიანება ალეკო ელისაშვილის მიერ გასაჯაროებულ მოლაპარაკებების დეტალებს და მოქალაქეების ლიდერს წვრილმან მატყუარას უწოდებს.

ელისაშვილმა რუსთავი 2–ის ეთერში თქვა, რომ ლელოს ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს მოლაპარაკებებისას ჰკითხა, რა მოხდებოდა “მეორე სცენარში”, თუ შეთანხმება არ შედგებოდა, რაზეც ხაზარაძემ მას უპასუხა :”ომია, ძმაო და რაღაცა იქნება…”.

ხოშტარიას თქმით, ელისაშვილმა მამუკა ხაზარაძის ნათქვამი “ბინძურად მოატრიალა”.

“როგორი წვრილმანი მატყუარა და მავნებელი ‘გვყოლია უბეში’. ამ დისკუსიას მეც ვესწრებოდი და ამ ჭორიკანას ვერ დავუთმობ ადამიანზე ტყუილების ლაპარაკს. როდესაც იკითხა, გამაგებინეთ არშესვლით რა ხდება და თავს შევწირავო, ბატონმა მამუკამ უპასუხა გრძელი და ჩემთვის ძალიან მომხიბვლელი გამოსვლით. ხშირად არ მქონია მამუკასთან ურთიერთობა და მეც სულ ვაკვირდები და ვუსმენ.

პირველი რაც თქვა, ბოიკოტი ჩემთვის რამე ტაქტიკა და ვაჭრობა კი არ არისო, არის ღირებულებითი, მორალური პოზიციაო. გაყალბდა ეს არ ერჩევნებიო და ამოსავალი წერტილი ეს არისო. შინაგან რწმენას ვერ ვუღალატებო. ჩათვალეთ ომში ვართ და უნდა ვიბრძოლოთ და ერთმანეთი გავიტანოთო.

აი ეს სიტყვები ესე ბინძურად მოატრიალა ამ მატყუარა მავნებელმა, რომელიც პირდაპირ ნაცვლიშვილის მესიჯბოქსში ჩაჯდა. საერთოდ არ ღირს ყურადღებად ეს ადამიანი, მაგრამ ვერ მოვითმენ ასეთ დაუმსახურებელ ტალახის სროლას”,– წერს ხოშტარია.