რეჟისორი გოგა ხაინდრავა უარყოფს ინფრომაციას, რომ აფხაზებზე ფილმის გადასაღებად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ მისი პროექტი 100 000 ლარით დააფინანსა, თუმცა ადასტურებს, რომ გარკვეული თანხის მოსაპოვებლად მან აფხაზეთის მთავრობას მართლაც მიმართა.
მისი თქმით, დაახლოებით ერთი წლის წინ საკუთარ სტუდიაში “კინო და ღვინო” დაიწყო მუშაობა დოკუმენტური ფილმების ციკლზე, სახელწოდებით “სიმართლე აფხაზეთის შესახებ”, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ფილმი მუჰაჯირობის შესახებ.
ხაინდრავას მტკიცებით, ფილმების ციკლის საერთო ღირებულება დაახლოებით 370 000 ლარს უტოლდება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას კი მხოლოდ მისი მესამედის დაფინანსების შესახებ მიმართეს.
“აბსოლუტური სიცრუეა, თითქოს ჩვენ 100 000 ლარი გამოგვიყვეს და ჩვენ ეს თანხა ავიღეთ. ეს არის სრული სიცრუე. ჩვენ შევიტანეთ განაცხადი იმიტომ, რომ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის კულტურის სამინისტროს აქვს სპეციალური პროგრამა, რომელიც გულისხმობს ზუსტად მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას. “ქართულ-აფხაზური ურთიერთობების კვლევა და მათი გაღრმავება” ჰქვია ამ პროგრამას”, – განაცხადა ხაინდრავამ.
ხაინდრავა აღნიშნავს, რომ პროექტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სპეციალური კომისია განიხილავდა, დაფინანსების გაცემა კი ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა, თუმცა, როგორც ის ამბობს, ნაციონალური მოძრაობისა და ტელევიზიების ბულინგის შემდეგ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ პროექტის შეჩერების შესახებ განკარგულება გასცა.
“იქაური რეაქცია გასაგებია – მთლიანად კონტროლდება ФСБ-ს მიერ, საქართველოში ამას სათავეში ედგა ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი, ტელევიზია – მთავარი და ფორმულა. აბსოლუტური სიცრუეა, თითქოს ჩვენ 100 000 ლარი გამოგვიყვეს და ჩვენ ეს თანხა ავიღეთ. ეს არის სრული სიცრუე. თუ ვინმესთვის ეს ფილმი საფრთხეს წარმოადგენდა, ეს მხოლოდ რუსეთია”,- ამბობს ხაინდრავა პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განკარგულება, რომლის თანახმადაც, პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ხაინდრავას კომპანიის მიერ დოკუმენტური ფილმის გადაღებას, გამარტივებული შესყიდვით დაფინანსდა.
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის ბრძანებაში წერია, რომ ავტონომიურმა რესპუბლიკამ ნებართვის მისაღებად შესყიდვების სააგენტოს მიმართა და დოკუმენტაციას თან ხაინდრავას კომპანიისგან მიღებული ინვოისის ასლიც დაურთო.
აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურში ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ამ პროექტს და საჯაროდ გამოქვეყნებულ შესაბამის განკარგულებას “გაუგებრობა” უწოდეს და რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ წელს გოგა ხაინდრავას კომპანია ფილმის გადაღების შეკვეთას არ მიიღებს.