იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის კრიტიკა ერთჯერად დახმარებებთან დაკავშირებით აბსურდულია.
ოხანაშვილის შეფასებით, წინასაარჩევნოდ სოციალური დახმარებების გაცემა მოსყიდვა არ არის.
“თუ საკუთარი ხალხის ბედი არ გაღელვებს, ყველაფრის მკადრებელი ხარ პოლიტიკურად. ეს იმ პოლიტიკოსების გასაგონად, რომ ვითომ ეს არის პოლიტიკური მოსყიდვა. საუბარი საარჩევნო მოსყიდვასთან დაკავშირებით არის აბსურდი”, – ამბობს ოხანაშვილი.
ქართლი ოცნების წევრი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი მოსახლეობას პანდემიის პირობებში “ფარად გადაეფარა” და ერთჯერადი დახმარებების წინასაარჩევნო პერიოდთან და მოსყიდვასთან არანაირ კავშირში არ არის.
“ჩვენ ვიმყოფებით კრიზისულ სიტუაციაში. ქართული ოცნების გუნდი, არის ის გუნდი, რომელიც მზად არის კრიზისულ სიტუაციებში – ეს უკვე დადასტურდა და ამას უკვე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მიეცა შეფასება, გუნდი, რომელიც გადაეფარა საზოგადოებას ფარივით წინ, რომ მათ არ მიეღოთ დარტყმა. ჩვენ გადავეფარეთ ფარად და ეს არის პასუხისმგებლობის მქონე ძალის უპირველესი მოვალეობა.
ხელისუფლებამ საკუთარ თავზე უნდა მიიღოს დარტყმა. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვიღაც ვაი პოლიტიკოსების პოლიტიკურ სისულელეებზე საუბრის გამო დავკომპლექსდეთ და საზოგადოებას არ დავეხმაროთ. ვაი პოლიტიკოსებს ვერ ავყვებით. მოვუწოდებთ მთავრობას რომ კიდევ უფრო მეტი იმუშაონ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, მთავრობა 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვს 200 ლარით ერთჯერადად დაეხმარება.
გარდა ამისა, ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას მიიღებს ის 80 ათასი თვითდასაქმებული, რომლემაც დახმარების მისაღებად დოკუმენტები ვერ წარადგინა.
მისი თქმით, მთავრობა განაგრძობს კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას და ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, თვეში 200 კილოვატ-საათი ელექტროენერგიისა და 200 კუბური მეტრი გაზის საფასურს თავად დაფარავს.