ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გერმანელმა გამომძიებლებმა სანდრა რულოვსი ტელეფონით დაკითხეს. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველეს“ რუსულენოვანი გამოცემა ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ბერლინის ცენტრში ჩეჩნეთის ყოფილი საველე მეთაურის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობამ გერმანიასა და კრემლს შორის ურთიერთობების გაუარესება გამოიწვია. გერმანიის პროკურატურის წარმომადგენლებმა დიდი ხნის წინ განაცხადეს, რომ აღნიშნულ საქმეში რუსეთის სპეცსამსახურებს მოიაზრებენ. სავარაუდოდ, სწორედ მათთან იყო დაკავშირებული ცხელ კვალზე დაკავებული მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვადიმ კ.
ასევე სტატიაში წერია, რომ გერმანელმა გამომძიებლებმა მნიშვნელოვან მოწმეებს შორის დაასახელეს საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი. გამომძიებლებმა მას ბერლინში ჩასვლაც სთხოვეს ჩვენების მისაცემად.
გავრცელებული ინფორმაციით, სანდრა რულოვსი მკვლელობის დღეს ბერლინში იმყოფებოდა და ხანგოშვილი მასთან შეხვედრას აპირებდა.
„ამ ხანგრძლივი სატელეფონო ჩვენების დეტალების შესახებ სასამართლოში არაფერი თქმულა, ისევე როგორც რულოვსის სავარაუდო შეხვედრის მიზანზე ზელიმხან ხანგოშვილთან“ , – აცხადებს ჟურნალისტი ვლადიმირ ესიპოვი, რომელიც ხანგოშვილის პროცესს აშუქებს.
თუმცა, ჟურნალისტი აცხადებს, რომ გერმანელმა გამომძიებლებმა ვერ შეძლეს რულოვსის დაყოლიება ბერლინში ჩასვლასა და ჩვენების მიცემაზე სწორედ ამიტომ დაიკითხა ის ტელეფონით.