ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიასა და ძალა ერთობაშიას საარჩევნო ბლოკის წევრ, გუბაზ სანიკიძეს შორის “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ნიკა მელიას გაღიზიანება გუბაზ სანიკიძის განცხადებამ გამოიწვია. გუბაზ სანიკიძე აცხადებს რომ ბიძინას ოპოზიციის ერთობის არ ეშინია და ერთადერთი ადამიანი რომლისაც მას მართლა ეშინია არის მიხეილ სააკაშვილი.“ არ დადგა დრო, რომ ჩამოვიდეს და ჩაერთოს ამ საქმეში?”– თქვა გუბაზ სანიკიძემ.
“რვა წელია ვეჯაჯგურებით ბიძინას, ვერაფერი ვერ ვუქენით. ხალხო, უნამუსოს ნამუსზე ნუ ელაპარაკებით. მე მიმაჩნია, რომ არც ერთი ჩვენთაგანის არ ეშინია ბიძინას, სამჯერ მეტი რომ დავჯდეთ, არ ეშინია, ჩემი ჩათვლით, მას დედამიწაზე ეშინია ერთადერთი კაცის დედამიწაზე, ეს არის მიხეილ სააკაშვილი”, – თქვა სანიკიძემ.ამ განცხადებებმა ნიკა მელიას პროტესტი გამოიწვია. მან გუბაზ სანიკიძე ოპოზიციის ერთობაში “ხინჯის შეტანის“ მცდელობაში დაადანაშაულა. მათ შორის მწვავე დაპირისპირება მოხდა.
“შენ, გუბაზ სანიკიძე კი არა, ანზორ მელიაც რომ იყოს, ვისაც შემოაქვს ხინჯი ოპოზიციურ პარტიებს შორის, არის მიუღებელი ჩემთვის. რა გინდა, მოგზავნილი ხომ არ ხარ, ვის უნახიხარ ბრძოლის ველზე? ხან ბიძინას აქებ, ხან მიშას აქებ, ხვალ პეტრეს შეაქებ, ზეგ პავლეს, მიშაზე მეტი მიშისტი ხარ და ჩვენ ვართ ახლა ამ ქვეყნის მტრები? ბიძინას თამაშს ახლა თამაშობ შენ, უნამუსო, ამხელა კაცი ხარ, სად რა უნდა თქვა, ის უნდა იცოდე ” – უთხრა ნიკა მელიამ გუბაზ სანიკიძეს.
“შენ დაბადებული არ იყავი, ბოლშევიკებს რომ ვებრძოდი, გაერკვიეთ რა, თქვენი არ ეშინია ბიძინას… გაერკვიეთ რა, თქვენი არ ეშინია ბიძინას, ლაპარაკი გაასწორე, რა დაგაკომპლექსათ ამ მიშა სააკაშვილმა, რა გეშინიათ სუყველას ” – უპასუხა სანიკიძემ.
“ომში ვართ, რა გავაკეთოთ, მოგზავნილი ხომ არ ხარ, რა გინდა, რას ემსახურება შენი საუბარი. მე ყოველდღე მაქვს საუბარი მიხეილ სააკაშვილთან, არავინ არ არის ერთობის მომხრე ისე, როგორც არის სააკაშვილი. იქცევი როგორც პროვოკატორი… ბიძინას თამაშს ახლა თამაშობ შენ, უნამუსო შენა, ამხელა კაცი ხარ, სად რა უნდა თქვა, ის უნდა იცოდე და როგორ უნდა მოიქცე… რომელ უბანთან იყავი, რომელი ხმა დაიცავი, რომელი მუშტი მოგხვდა, რა გააკეთე არჩევნების დღეს” – მიმართა მელიამ სანიკიძეს, რაზეც ამ უკანასკნელმა თქვა, რომ გლდანის მაჟორიტარი კანდიდატი “ოფისიდან არ გამოსულა” და ოპოზიცია “წრეზე დადის რვა წელიწადია”.
სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, გუბაზ სანიკიძე და მელია სტუდიიდან გავიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ მელია უკან დაბრუნდა და კვლავ გუბაზ სანიკიძის განცხადებებზე ისაუბრა: “ვინც ეცდება ოპოზიციურ ერთობას, ისტორიულ პროცესს მიაყენოს ჩრდილი და შუღლი გააღვივოს, მე ვიქნები მისი მტერი, ვინც არ უნდა იყოს და მე ვარ დღეიდან მტერი გუბაზ სანიკიძის, რომელმაც ეს იკადრა. ბრძოლის ველზე ვართ, ომში ვართ, გარე მტერი ვერ დაგაკლებს იმას, რასაც იზამს შიდა”.– თქვა მელიამ.