ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) მორიგი ანალიზი მთლიანად ეძღვნება იმას, თუ როგორ შეიცვალა რუსული საინფორმაციო სივრცე ხარკოვის ოლქსა და ლიმანში რუსული არმიის მარცხის, ასევე სამხედრო მობილიზაციის შემდეგ. ამერიკელი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსულ პუბლიკას ბევრად მეტი კრიტიკა ესმის ტელეეთერიდან გენერლების მისამართით.
“კრემლის მიერ გამოცხადებულმა მობილიზაციამ ფართო საზოგადოებას აგრძნობინა ხარკოვის ოლქში, შემდეგ კი ლიმანში მარცხის შედეგები, და კრემლის მცდელობები წარმოეჩინა ომი, როგორც რაღაც შეზღუდული, მთლიანობაში წარმატებით დაიმსხვრა“– წერენ ანალიტიკოსები.
მათი აზრით, ლიმანში მარცხმა რუსულ საინფორმაციო მეინსტრიმში კიდევ უფრო მეტი აღშფოთება და კრიტიკა გამოიწვია, ვიდრე გაზაფხულზე ჩრდილოეთ უკრაინიდან გამოსვლამ და ხარკოვის ოლქში მარცხმაც კი, სწორედ იმიტომ, რომ მობილიზაციას დაემთხვა.
ISW–ს ანალიზში ნათქვამია, რომ დაიწყო სამხედრო ხელმძღვანელობის ღია და ხმამაღალი კრიტიკა “პატრიოტი“ სამხედრო ბლოგერების მხრიდან, რომლებიც სატელევიზიო თოქ–შოუებში ნებადართული სტუმრები არიან. ასევე მწვავე განცხადებებით გამოვიდნენ რამზან კადიროვი და ევგენი პრიგოჟინი.
ამასთან, ანალიტიკოსები გვახსენებენ, რომ სანფორმაციო სივრცეს დიდწილად პუტინი აკონტროლებს, მაგრამ ბოლომდე მისი ჩახშობა არ შეუძლია. მას არ აქვს ცენზურის ისეთი მანქანა, როგორიც საბჭოთა კავშირის დროს იყო, ამიტომაც საინფორმაციო სივრცეში “არეულობა“ მისთვის შეიძლება უფრო საშიში იყოს, ვიდრე საბჭოთა ხელისუფლებისთვის.
ISW–ს შეფასებით, პუტინი სამხედრო ბლოგერებს მნიშვნელოვანწილად ეყრდნობა – მას ისინი ჭირდება როგორც მისი პოზიციების მასებში გასავრცელებლად, ასევე ფრონტებზე არსებულ ვითარებაზე რეალური ინფორმაციის მისაღებად.
“დრო გვიჩვენებს, რამდენს მოითმენს პუტინი (კრიტიკას) და რა მოხდება მაშინ, თუ ის შეეცდება სამხედრო ბლოგერების კრიტიკა ჩაახშოს, რომელიც სულ უფრო ხშირად ეხება მის გადაწყვეტილებებს“– წერენ ანალიტიკოსები.