ხარკოვის ოლქში რუსი პოლკოვნიკის, გერასიმოვის ცხედარი აღმოაჩინეს

იმის შესახებ, რომ რუსები საკუთარი სამხედროების ცხედრების სამშობლოში გადასვენებაზე არ ზრუნავენ, უკრაინული მხარე არაერთხელ აცხადებდა. ამის კიდევ ერთ მტკიცებულებას ხარკოვის ოლქის პოლიციის საგამოძიებო სამმართველოს ხელმძღვანელი, სერგეი ბოლვინოვი ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს. მან აჩვენა კადრები ზოლოჩევსკის რაიონში აღმოჩენილი რუსი ჯარსიკაცების სამარხის შესახებ, რომლის თაობაზე ადგილობრივებმა შეატყობინეს სამართალდამცავებს.

პოლიციელებმა 6 რუსი სამხედროს ცხედრის ექსჰუმაცია განახორციელეს, საიდანაც ერთ-ერთი გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვია. საფლავს არანაირი აბრა არ ჰქონია. ერთადერთი, რაც იქ სამარხის არსებობაზე მიუთითებდა, ჯვრები იყო.

“ამ საფლავების გათხრა მოგვიწია გარდაცვლილთა ვინაობების დასადგენად და საერთაშორისო პროცედურების დაცვით ცხედრების გადასაცემად. რუსები არ არიან დაინტერესებული გარდაცვლილთა წაყვანით. სულ 6 ცხედარი აღმოჩნდა, რუსეთის სამხედრო ფორმაში. ერთ–ერთი მათგანი პოლკოვნიკი გერასიმოვია. როცა ადგილობრივები დავკითხეთ, დავადგინეთ, რომ ისინი ადგილობრივებმა დამარხეს, რადგან ისინი მართლმადიდებლები არიან. ჩვენი ხალხი დაუმარცხებელია“– დაწერა მან.

7 მარტს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხარკივთან რუსი გენერალ-მაიორის ვიტალი გერასიმოვის ლიკვიდაცია მოახდინეს.