კიდევ ერთი სოფელი, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ჩაიკეტა – ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი წესდება. საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით სოფელში იკრძალება შესვლა და გამოსვლა. ადგილზე ამ რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალები.
მოქალაქეებს სახლიდან გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ სჭირდებათ პროდუქტის, მედიკამენტების შეძენა, ან სამედიცინო მომსახურების მიღება. ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით.
მანამდე ჩაიკეტა ქობულეთის ოთხი სოფელი, ასევე ლენტეხი, მარნეული და ბოლნისი. მიზეზი ყველა შემთხვევაში ადგილზე დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევებია.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს ასევე განიხილეს სასურსათო და სამედიცინო საშუალებების მარაგების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ სასურსათო მარაგების კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ არსებობს და მისი მუდმივი შევსება შეუფერხებლად ხორციელდება. ამასთან, იმპორტი დივერსიფიცირებულია და სასურსათო პროდუქციის შემოტანა უპრობლემოდ გაგრძელდება.