სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების თაღლითურად დაუფლების საქმეებზე პროკურატურამ 4 პირს ბრალი წარუდგინა. უწყების განცხადებით, 2 მათგანი დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, სოფელ ახალსოფელში სასმელი წყლის წყალსადენის მშენებლობისა და მაგისტრალის მოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს მარიამი ო.ბ.-2006-ის დირექტორმა მუნიციპალიტეტის მერიიდან საბიუჯეტო თანხების თაღლითურად მიღების მიზნით, დაამზადა შესრულებული სამუშაოების მიღების ყალბი აქტები, რომელთა სინამდვილეც დადასტურებული იყო სამუშაოთა ტექნიკური ზედამხედველის ხელმოწერით, ექსპერტის მიერ გაცემული ყალბი ექსპერტიზის დასკვნებით და სამუშაოთა მიმღები კომისიის თავმჯდომარის მიერ დადასტურებული მიღება-ჩაბარების ყალბი აქტებით. უწყების განცხადებით, აღნიშნული ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, შპს მარიამი ო.ბ.-2006-ის დირექტორი ო.ბ. უსაფუძვლოდ, მოტყუებით დაეუფლა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 82 439 ლარს. დაკავებულები არიან დირექტორი და ექსპერტი.
შპს-ს დირექტორს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, ექსპერტს 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, ხოლო კომისიის თავმჯდომარესა და სამუშაოთა ტექნიკურ ზედამხედველს 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341-ე მუხლით წარედგინათ.