“ქართულმა ოცნებამ” დაიწყო კამპანია, როგორ არის ნეიტრალიტეტი ხსნა. პრეზიდენტი ზელენსკი სულ სხვა, ორმხრივი გარანტიების კონტექსტში ახსენებს მას.” – ამის შესახებ, ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
”უტრირებული მაგალითი რომ მოვიყვანოთ, თუ როგორ იქცევა პუტინისტური პროპაგანდა – უკრაინას და ზელენსკის აბრალებს ფაშისტობას, ოღონდ თვითონ არის ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი, თანაც ღიად. ოცნების პროპაგანდა პრინციპულად ძალიან ჰგავს ამას. ამ გუნდის სპიკერებმა სოციალურ მედიაში და ტელევიზიითაც დაიწყეს კამპანია, როგორ არის ნეიტრალიტეტი ხსნა. პრეზიდენტი ზელენსკი სულ სხვა, ორმხრივი გარანტიების კონტექსტში ახსენებს მას. ”ქართული ოცნების” სპიკერებმა აქ ეს ამოიღეს და დაიწყეს სასოწარკვეთის ქადაგება, რომ თურმე, როგორ ტყუილად ჩახოცა ზელენსკიმ საკუთარი ხალხი ქვეყანაში. ახლა, როცა ამ კამპანიას მოჰყვა საზოგადოების რეაქცია, უბრალოდ ისროლეს ბრალდება, რომ ოპოზიციამ აღარ გავაგრძელოთ ამაზე საუბარი. სრულ აბსურდში გვამყოფებენ. ჩვენ, ევროპულმა საქართველომ შევკრიბეთ ეს ყველაფერი და ხვალ წარვუდგენთ საზოგადოებას, ვინ ლაპარაკობდა ამ ყველაფერს, ვინ კულტივირებდა ამ აზრს, ვინ ეწევა პუტინის უძლეველობის პროპაგანდას და ამასთან, შეგუების აუცილებლობის შესახებ. ვინ ისვრის ქვებს ზელენსკის და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.” – განაცხადა ბოკერიამ.