ხელისუფლებამ პროპორციული სიის დელეგატების ნაწილი წარადგინა

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ  დელეგატების ნაწილი წარადგინა, რომელთაგან დიდი ნაწილი მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატია.

ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც, მაჟორიტარული სისტემა გაუქმდა და მის ნაცვლად დელეგატების სისტემა შემოიღეს.  დელეგატები პარტიის პროპორციულ საარჩევნო სიაში წარმოდგენილი კანდიდატები არიან, რომლებიც კონკრეტულ საარჩევნო ოლქებზე იქნებიან მიმაგრებულნი. დელეგატები, არჩევებამდე  კამპანიის წარმოებაზე და შემდეგ უკვე საქართველოს პარლამენტში შესაბამისი ამომრჩევლის ინტერესების დაცვაზე იქნებიან პასუხისმგებელი.

ამასთანავე პრემიერი აღნიშნავს, რომ  ყველა დელეგატი  ხელისუფლების პროპორციულ სიაში იქნება წარმოდგენილი გამსვლელ ადგილზე.

“როგორც მოგეხსენებათ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით. ასევე იცით, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას აქვს სერიოზული უარყოფითი მხარეები, რაც, პირველ რიგში, ამომრჩეველსა და კანდიდატებს შორის კავშირის შესუსტებით გამოიხატება. ამ ნაკლოვანების გარკვეულწილად აღმოსაფხვრელად, საარჩევნო კანონმდებლობით შემოღებულ იქნა დელეგატის ინსტიტუტი.

შეგახსენებთ, რომ დელეგატები არიან პარტიის პროპორციულ საარჩევნო სიაში წარმოდგენილი კანდიდატები, რომლებიც კონკრეტულ საარჩევნო ოლქებში კამპანიის წარმოებაზე და უკვე არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში შესაბამისი ამომრჩევლის ინტერესების დაცვაზე იქნებიან პასუხისმგებელი”. – თქვა კობახიძემ.

სია ასე გამოიყურება:

  • გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო – დავით სონღულაშვილი
  • თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი – ირაკლი ქადაგიშვილი
  • რუსთავი და გარდაბნის სოფლები – ირაკლი შატაკიშვილი,
  • მარნეული-გარდაბანი – ზაურ დარგალი
  • ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკი – დავით შერაზადიშვილი (ბოლნისის მოქმედი მერი)
  • ახალციხე-ბორჯომი-ასპინძა-ადიგენი – ანტონ ობოლაშვილი
  • ახალქალაქი-ნინოწმინდა – სამველ მანუკიანი
  • მცხეთა-მთიანეთი – დიმიტრი ხუნდაძე
  • გორი-კასპი- გორი – ლადო ხინჩეგაშვილი (გორის მოქმედი მერი)
  • ხაშური-ქარელი – ზაზა დუგლაძე
  • ქუთაისი – ზაზა ლომინაძე
  • წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონი – გივი ჭიჭინაძე
  • საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული – პაატა კვიჟინაძე
  • ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბული – ზვიად შალამბერიძე, (მოქმედი გუბერნატორი)
  • ზუგდიდი – დათო კოდუა (გუბერნატორის ყოფილი მოადგილე)
  • ფოთი-ხობი-სენაკში – გიორგი ხახუბია
  • მარტვილი-აბაშა-წალენჯიხა-ჩხოროწყუ – ილია ინჯია (ბიზნესმენი).
  • ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური – ვასიკო ჩიგოგიძე
  • რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში – გოჩა ენუქიძე
  • ბათუმი – არჩილ ბერიძე, (ალილოს სოლისტი)
  • ქობულეთი – გია ჭყონია, (ბიზნესმენი)
  • ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულო – ანზორ ბოლქვაძე.

რაც შეეხება თბილისის 8 დელეგატს და საარჩევნო სიას, პრემიერმინისტრის თქმით დარჩენილ დეპუტატებს უახლოეს დღეებში დაასახელებს, ხოლო საარჩევნო სია სექტემბრის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი.