“სირცხვილია” უერთდება ოპოზიციის მიერ პარლამენტთან დღეს, 19:00 საათზე დაანონსებულ აქციას. მოძრაობა აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე წელია, მიუხედავად დანაშაულებრივი და ავტორიტარული რეჟიმის ქონისა, მხოლოდ არჩევნებითა და მშვიდობიანი პროტესტით ხედავდნენ ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის გეგმას.
“თუმცა, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის აწ უკვე ერთადერთი შემორჩენილი ხელშემწყობი თავისუფალი არჩევნები – ოლიგარქის ავტორიტარულმა რეჟიმმა საბოლოოდ მიისაკუთრა.
არჩევნები ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების ხელში, ყველა სხვა პოლიტიკური პროცესის მსგავსად, სპეცოპერაციად იქცა, რომელშიც ძირითად როლს ძალოვანი უწყებები, კორუმპირებული ცესკო და დიდძალი ფული ასრულებს.
ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად დაშინებისა და არნახული ტერორის, სიძულვილზე აგებული კამპანიის, ადამიანების მოსყიდვის, მუქარის, პროპაგანდის სრულად ამუშავების, დარღვევების, კარუსელების, ბიულეტენების ჩაყრის, ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ერთი სიტყვით, სახის ბოლომდე სრულად დაკარგვის შემდეგ – თავისივე დამორჩილებული ცესკოთითაც კი, სხვაობა ოპოზიციონერ და სამთავრობო კანდიდატებს შორის მინიმალურია”,– აცხადებს სირცხვილია.
მათივე განმარტებით, ხალხმა დააფიქსირა ნება, რომ სურთ ერთპარტიულ, ავტორიტარულ რეჟიმში ცხოვრება, ხელისუფლებას კი ლეგიტიმაცია არ აქვს.
“ახლა, ან დავიცავთ დემოკრატიას საქართველოში და დავიცავთ საკუთარ ხმას, ან ბოლომდე დავემონებით მას, ვისთვისაც ამ ქვეყანაში ყველა მისგან განსხვავებული სახელმწიფოს მტერია.
ეს ბრძოლა სახალხოა და არა პარტიული. ეს ბრძოლა თითოეული ჩვენგანის ხვალინდელ დღეს განსაზღვრავს მომავალი ათწლეულების მანძილზე და ახლა დაშვებული შეცდომა ან გაუბედაობა, აუცილებლად მიგვიყვანს ისტორიულ, შეუქცევად მარცხამდე. თითოეული ჩვენგანის მტკიცე ერთობა კი პირიქით, შეუქცევადი გამარჯვების გზაა.
ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმაცია და ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებთან დაბრუნების ერთადერთ გზად მასობრივი მშვიდობიანი პროტესტი რჩება. ამიტომ დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები შევიკრიბებით პარლამენტის წინ და დავიწყებთ ბრძოლას ქვეყნის გადარჩენისთვის!”,– წერია სირცხვილიას განცხადებაში.
ამავე აქციაზე ოპოზიცია საზოგადოებას თავის სამოქმედო გეგმას გააცნობს.