ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი ამბობს, რომ მმართველი პარტია არ აორგანიზებს იმ ადამიანთა ჯგუფებს, რომლებიც სხვადასხვა ადგილზე აქციის კოლონებს ცოცხებით და ყავარჯნებით ხვდებიან.
“არანაირი დაორგანიზება ხელისუფლების მხრიდან არ ხდება და ამის ვერც ერთ ფაქტს ვერ წარმოადგენენ. სულ მესმის მთელი დღის განმავლობაში, რომ ქვები ესროლეს მანქანებს, გზები გადაკეტეს, თუმცა ვერც ერთი მაგალითი გზის გადაკეტვის და ქვების სროლის ვერ ვნახეთ. მეორეს მხრივ, როგორც არის აქციის უფლება, ისე არის კონტრაქციის უფლებაც, ადამიანები გამოხატავენ თავის პოზიციას და ცოცხი და ყავარჯენი არის სიმბოლო იმ ხელისუფლების, რომელიც ძალმომრეობის და ადამიანის ღირსების შელახვის სიმბოლოდაა ქცეული. ეს ადამიანები გამოხატავენ თავის პროტესტს”,- ამბობს სუბარი.
მისივე თქმით, ქართული ოცნების წევრებს უფლება აქვთ, მიიღონ კონტრაქციაში მონაწილეობა.
ცნობისთვის, თბილისისკენ მიმავალ აქციებს მაგისტრალებზე, მათ შორის, სამტრედიაში, რუსთავში, ქუთაისში, გორში და სხვა ქალაქების გასასვლელებში ხვდებიან ქართული ოცნების მხარდამჭერები და ცოცხებს ესვრიან. ენმ-ს წევრის, ანა წითლიძის თქმით, აღნიშნულ კონტრაქციაში მონაწილეობას იღებდნენ ზუგდიდის საკრებულოს წევრები მმართველი პარტიიდან.