მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლოში დაბარებას ენმ–ს ლიდერი, ნიკა მელია ეხმაურება. მისი თქმით, ხელისუფლება დაკავებული და დასაკავებელი ადამიანებით ვაჭრობს.
მელია აცხადებს, რომ ძალოვანი უწყებები დევნიან ყველას, ვინც ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელია.
“ამ რეჟიმს, მოსვლის დღიდან ხელისუფლება ჰგონია პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო, რომელიც შესაძლებლობას აძლევს დევნოს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელია. ამის ილუსტრაციაა ბატონი გვარამია. მათ საწინააღმდეგოდ ისედაც გადაჭიმული ზამბარა კიდევ უფრო დაიჭიმება ამით და ზამბარას უკუგება ძალიან მტკივნეული ექნება. შეუძლებელია, ხელისუფლება ამით ფონს გავიდეს”, – აცხადებს მელია ფორმულასთან საუბარში.
ის იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო პარტნიორებს და მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგის შუამავალ ელჩებს ადამიანის უფლებების შელახვასა და მათ დევნაზე მკვეთრი რეაქცია ექნებათ.
“იმედი მაქვს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ მიიღებენ იმდაგვარ მოლაპარაკებებში მონაწილეობას, სადაც რეჟიმი დაკავებული და დასაკავებელი ადამიანებით ვაჭრობს. იმედს ვიტოვებ, რომ ელჩებს, რომლებიც ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობენ, სწორი პოზიცია ექნებათ. უნდა დაინახონ ნათლად, რა ხდება ქვეყანაში. როდესაც ხედავ, რომ დევნიან ოპოზიციურად განწყობილ ყველა ადამიანს, როდესაც ოლიგარქატი ყვავის, როდესაც არჩევნები არ ტარდება, როდესაც თავისუფალი მედია იდევნება და ამ ყველაფერზე სწორი პოზიცია არ გაქვს, შესაბამისად, დასავლური ღირებულებების დაცვაში არ ეხმარები ქართველ ხალხს, ბუნებრივია, კითხვის ნიშნები გაჩნდება. მაპატიეთ და მაკდონალდსი იაროსლავშიც არის. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორის ელჩი გვჭირდება, რომელიც მინიმუმ შავზე თეთრს არ იტყვის”, – განაცხადა მელიამ.
ცნობისთვის, ნიკა გვარამია 7 დეკემბერს საქალაქო სასამართლოში დაიბარეს. მთავარი არხის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მთავრობა მის დაკავებას მოლაპარაკებებზე“სავაჭროდ” გამოიყენებს, თუმცა არაფრის დათმობას არ აპირებს.