ხელისუფლება დგას გაბლატავებულ ძველ ბიჭებზე, რომლებსაც ჩააცვეს ფორმა – ჯაფარიძე

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ნებისმიერ საქმეს მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში მოიგებს.

მისი თქმით, რაც დღეს აქციებზე ხდებოდა, ეს იმის დემონსტრირებაა, რომ ვცხოვრობთ პოლიციურ სახელმწიფოში.

“პოლიციელების მოქმედების მეთოდებიც არის იდენტური, რაც ხდება რუსეთში და ბელორუსში. გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ გააჩნია არანაირი ლეგიტიმაცია. ვიღაც ხალხი მოიყვანა ივანიშვილმა, დაგვასვა თავზე და გვეუბნება, რომ ეს არის თქვენი ხელისუფლებაო. ლეგიტიმაციის არარსებობის პირობებში რჩებათ ერთადერთი ძალა – თოფიანი ხალხი”,– აცხადებს ჯაფარიძე TV პირველის ეთერში.

ის ასევე აღნიშნავს, რომ პოლიციელები დღეს “ძველი ბიჭებივით კაჩაობდნენ”, რაც ცვლილებაა პოლიციაში.

“პოლიციელები აქამდე შედარებით წესიერად იქცეოდნენ, დღეს ძალიან ნათლად ჩანდა. სისულელეა, რომ “რა ქნან, სამსახური აქვთ, შემოსავალს დაკარგავენ” – ეს არის ტვინგაწმენდილი ადამიანების დიდი ჯგუფი, რომელსაც ჩააცვეს ფორმა, არიან ჩვეულებრივი გაბალატვებული ძველი ბიჭები და გამოყვანილი ჰყავთ როგორც პოლიციელები და მაგათზე დგანან”,– ამბობს ზურა ჯაფარიძე.

ცნობისთვის, დღეს ოპოზიციის მშვიდობიან აქციაზე შსს-მ 46 ადამიანი დააკავა ადმინისტრაციული წესით.