“ხელისუფლება თავად აორგანიზებს კონცერტებს, ვაგრძელებთ მუშაობას!” – საქართველოს ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სალუბო სცენის წარმომადგენლები არ აპირებენ მშვიდად უყურონ, როგორ ნადგურდება ხელისუფლების მიერ საკლუბო სცენა მაშინ როდესაც, თავა აორგანიზებენ მასშტაბურ ღონისძიებებსა და კონცერტებს. საკლუბო სცენის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აგრძელებენ მუშაობას იმ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით რომელიც შეთანხმებულია შესაბამის უწყებებთან.
“საქართველოს ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის ერთობლივი განცხადება:
2 წლის წინ COVID19 გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს საკლუბო სცენამ, რომელიც გამორჩეულია მისი უნიკალურობით და დიდი წვლილი მიუძღვის ქვეყნის კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში, საკუთარი ინიციატივით მიიღო დროებით დახურვის გადაწყვეტილება, რადგან გააზრებული გვქონდა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სიმწვავე და საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელობა.
ამ პერიოდის განმავლობაში შევიმუშავეთ ცოდნაზე, გამოცდილებასა და კვლევაზე დაფუძნებული უსაფრთხო ღონისძიებების იდეა და სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავდა ღია და დახურულ სივრცეებში ხალხმრავალი ღონისძიების დროს ვირუსის გავრცელების რისკების მინიმუმამდე დაყვანას. სწორედ ამიტომ, კლუბების გახსნის მოთხოვნა არ დაგვიყენებია მანამ, სანამ თავად არ დავრწმუნდით, რომ შევძლებდით ჩვენს სივრცეებში შესაბამისი პირობების უზრუნველყოფას.
მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან არაერთი დაპირებისა და შეთანხმებისა, დღეს, 22 დეკემბერს, 22 თვიანი ლოდინის შემდეგ საკოორდინაციო საბჭომ კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო. ამ უსამართლო და უთანასწორო ნაბიჯმა, განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა მთელი სცენა და მასთან ერთად, ამ სფეროში დასაქმებული 8000-მდე ადამიანის მომავალი.
ვწუხვართ, რომ გვჯეროდა და კიდევ ერთხელ აღმოვჩნდით მწარედ მოტყუებულები.
სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მშვიდად ვუყუროთ ერთი მხრივ ხალხზე ზრუნვის მოტივით, როგორ ანადგურებს ხელისუფლება ჩვენს სფეროს, რომლის წარმატებამ და გლობალური მასშტაბით აღიარებამ ქვეყანას უპრეცედენტო საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა, მეორე მხრივ კი თავად აორგანიზებს კონცერტებსა და ხალხმრავალ შეკრებებს.
სახელმწიფოს არამხოლოდ არ აღმოაჩნდა ნება და სურვილი მხარი დაეჭირა და ხელი შეეწყო კრიზისის პირისპირ დარჩენილ სფეროსთვის, არამედ მუქარის ენით გველაპარაკება.
მიუხედავად დაშინებისა, რომ ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებული იქნება ფინანსური სანქციები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის უკლებლივ ყველა წარმომადგენელმა მივიღეთ ერთიანი გადაწყვეტილება:
თბილისის კლუბები გააგრძელებენ მუშაობას იმ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით, რომელიც შეთანხმებულია შესაბამის უწყებებთან, რომლის მოსამზადებლად ბევრი ვიშრომეთ და ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფებს დამატებით უზარმაზარი ფინანსური ხარჯების გაღება მოგვიწია. ჩვენ არ ვნებდებით და ვაპირებთ ბრძოლას!”- ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერები :
The Cultural and Creative Industries Union of Georgia
4GB
BASSIANI
Boom Boom Booking Agency
Bude
CAFE-GALLERY
Colibri
DAISI • დაისი
დედაენის ბარი
KHIDI
Kibe
Left Bank
Lisi Rest
Lisi Wood
MIONI
Millennials
მტკვარზე • MTKVARZE
Mzesumzira
რეფლექტორი / Reflector
ROKVA
Barfly
GR Fest
Summer Set
TREEBAL
Swing Festival
Tbilisi Open Air
TES
TIVI • ტივი