„ის, რაც მოხდა იყო სრულიად არაპროგნოზირებადი ხელისუფლების მიერ. ხელისუფლება ფაქტობრივად, შოკში აღმოჩნდა. ის არ ელოდა მოვლენების ისე განვითარებას, როგორც განვითარდა. ყველაფერს ელოდა ამის გარდა. მან ჩათვალა, რომ მის მიმართ დაპირისპირებული, ყოველ შემთხვევაში, მისგან განსხვავებული, პოლიტიკური ან სოციალური აქტორები ჩააჩუმა, მოახდინა მათ მარგინალიზება, პოლიტიკური სპექტრი დაჩიავდა, სამოქალაქო სექტორზე შეტევა დაიწყო, მედია მუდმივი რეპრესიების ქვეშ ჰყავდა და რაღაცნაირად პოლიტიკური ჰეგემონის როლს ინარჩუნებდა. რასაკვირველია საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ, მაგრამ რაღაცნაირად მყარი და გამართული პოლიტიკური სტრუქტურის შთაბეჭდილებას ქმნიდა, მაგრამ ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ ეს ყველაფერი თიხის ფეხებზე მდგარი ხუხულა აღმოჩნდა. ეს ყველაფერი აღმოჩნდა ფსევდო სტაბილურობა, რომელსაც ძალიან იოლად გაუჩნდა ბზარები და ეს ბზარები გააჩინა ახალმა სისხლმა ქართულ პოლიტიკაში თუ ქართულ სოციუმში, ადამიანებმა, ახალგაზრდებმა, რომლებიც ამ პროტესტის გამწევი ძალა იყვნენ. ერთგვარი ლიდერის თუ გამწევის ძალის ფუნქცია მათ აიღეს.

ეს იყო სრულიად მოულოდნელი, იმიტომ, რომ გამოჩნდა ძალა, მთელი თავისი სიდიადით, რომელიც აქამდე არ ჩანდა, რომელიც როგორც ჩანს, კულისებში იკრებდა ძალას და ეს ძალა გაშიშვლდა მაშინ, როცა ყველაზე მეტად გახდა საჭირო. და ყველაზე მეტად როდის გახდა საჭირო? როდესაც ყველაზე უფრო მეტად იგრძნო ამ ძალამ ინსტიტუციური ბარიერი ევროპასთან ურთიერთობის გზაზე და შესაბამისად, საქართველოს დამოუკიდებლობის გზაზე, ან საქართველოში დემოკრატიის და თავისუფლების გადარჩენის გზაზე. ეს ძალა მიხვდა, რომ გაჩუმება არ შეიძლებოდა და მან აჩვენა საკუთარი პროტესტი, უშეღავათო, გულწრფელი პროტესტი. ეს ხელისუფლებისთვის სრულიად მოულოდნელი იყო,“

ამის შესახებ სოციოლოგმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.