ხელისუფლება ცდილობს პროტესტის ნებისმიერი ფორმა აკრძალოს – NGO-ების ნაწილი ახალ კანონპროექტზე

”ხელისუფლება ცდილობს პროტესტის ნებისმიერი ფორმა აკრძალოს” – ნათქვამია, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ივანიშვილის პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ახალი ცვლილებების ინიცირება წარმოადგენს დემოკრატიული წესრიგის არსებითი საფუძვლის – მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ მორღვევას. ამ ცვლილებებით, ხელისუფლება ცდილობს აკრძალოს პროტესტის ნებისმიერი ფორმა. ინიცირებული რეგულაციები ქმნის ისეთ სამართლებრივ რეალობას, სადაც მოქალაქე შეიძლება სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს მხოლოდ იმიტომ, რომ მან ხმა ამოიღო. ასეთი კანონმდებლობა უცხოა დემოკრატიული სამყაროსათვის და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან.

ეს ინიციატივა არ ეხება მხოლოდ პოლიტიკურად აქტიურ ჯგუფებს – ის შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საჯაროდ მოითხოვს სამართლიანობას, აღშფოთდება კორუფციით, გააპროტესტებს უკანონო დაკავებას ან უსამართლო განაჩენა, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასა თუ შემწეობის სიმცირეს, შეეცდება დაიცავს ქალები ან ბავშვები ძალადობისგან, ხმას აიმაღლება გარემოს დასაცავად და ა.შ.

ხელისუფლება ამ ცვლილებებით ყველას უგზავნის ერთსა და იმავე მუქარას: თუ ხმას ამოიღებ – დაგაპატიმრებ. ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, ვაფასებთ ამ ცვლილებებს როგორც მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის მცდელობას და კიდევ ერთ საფეხურად დემოკრატიული ინსტიტუტების დემონტაჟის პროცესში“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.