“ხელისუფლება ცდილობს ჩაშალოს შეთანხმება და ეს ოპოზიციას ათქმევინოს“ – გია ხუხაშვილი

ეს არის ხაფანგი, რომელშიც ოპოზიცია შევიდა – ასე აფასებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი განცხადებებს, რომლებიც დღეს მმართველი გუნდის მხრიდან გაკეთდა.

ხუხაშვილის განცხადებით, პოლიტპატიმრების თემა იყო მეორე რანგის საკითხი, რომელიც მოლაპარაკების მაგიდასთან დაიბადა. შესაბამისად, მისი თქმით, ახლა ოპოზიციამ არ უნდა მისცეს მმართველ გუნდს საშუალება, რომ ამ საკითხზე აპელირებით საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე მიღებული შეთანხმება ჩაშალოს.

მისი აზრით, ხელისუფლება ახლა სწორედ იმას ცდილობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე და შეთანხმებაზე უარი ოპოზიციას ათქმევინოს.

ეს არის ძველი თამაში ძალაუფლებისთვის რეპუტაციის ხარჯზე და ეს არის სამწუხარო, ეს არ არის პირველი სერია. ახლა ხელისუფლებას აქვს პრაგმატული მიზანი გამოიყენოს პოლიტპატიმრების თემა, რომ ჩაშალოს მოლაპარაკებები.

რეალურად მათთვის პოლიტპატიმრების თემა იმდენად  მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაშლა და უნდა რომ ეს გააკეთოს ოპოზიციის ხელით, უნდათ რომ ეს თქმევინონ ოპოზიციას.

რაც შეეხება თალაკვაძეს და კობახიძეს, როგორ ამ მოლაპარაკებებზე მომლაპარაკებელი მხარეები, კობახიძე და თალაკვაძე არანაირი პოლიტიკური ფიგურები არ არიან, მათ შეახოცავს ივანიშვილი ხელს.

თალაკვაძის და კობახიძის რეპუტაცია ისედაც პლინტუსს ქვემოთაა. და ვის რაში ენაღვლება მათი რეპუტაცია.  შეიძლება ივანიშვილთან შეუთანხმებლად მათ რაღაცეები იბოდიალეს კიდეც და იქიდან რომ გამოვიდნენ უთხრეს არა, ჩვენ ამაზე ხელს არ მოვაწერთ.“– განაცხადა გია ხუხაშვილმა მთავარი არხის ეთერში.