ოცნების მიერ ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებებმა და ანტიდასავლურმა, ანტიეროვნულმა ნაბიჯებმა უკვე უკიდურესად დააზიანა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება, თავდაცვისუნარიანობა და ჩვენი ჯარი. აშშ-ის მიერ სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვის პროცესს მოჰყვა არა მხოლოდ ერთობლივი სამხედრო მრავალეროვნული სწავლების, ღირსეული პარტნიორის გაუქმება, არამედ აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტიდან დახმარების გაქრობა, რისი დასტურიცაა 2025 წლის აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტიდან საქართველოს საკითხის ამოღება. ამაზე ღიად საუბრობდა ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი.
აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერის გადახედვის პროცესს უკვე მოჰყვა NATO-ს კიდევ ერთი ქვეყნის მიერ სამხედრო დახმარების გაყინვაც. ჩემი ინფორმაციით, დანიამ ასევე შეაჩერა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ოთხწლიანი მრავალმილიონიანი პროექტი საქართველოში მშვიდობისა და სტაბილიზაციის მხარდასაჭერად.
დანიამ შარშან 27 მილიონი ლარი გამოყო საქართველოს თავდაცვისა და სასწრაფო დახმარების დაწესებულების მომზადების, გაძლიერებისთვის. ამ პროგრამის ფარგლებში იგეგმებოდა დანიის შიდა გვარდიისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შორის ხელშეკრულების გაფორმება, საქართველოსთვის დახმარების გაწევა მედეგობის გაძლიერებაში.
შესაბამისად, ქართულმა ოცნებამ გამოუსწორებელი დარტყმა მიაყენა ჩვენს ჯარს და თავდაცვისუნარიანობას, მიუხედავად NATO-ს თუ ევროკავშირის ქვეყნების არაერთი გაფრთხილებისა, არ მიეღოთ კრემლის მიერ შთაგონებული რუსული კანონი.
ერთადერთი შესაძლებლობა, დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი და შევინარჩუნოთ ქვეყნის გაცხადებული ეროვნული ინტერესები, მათ შორის თავდაცვისუნარიანობა, არის 26 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს გამარჯვება.
განაცხადა ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ.