უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა აღშფოთებას გამოთქვამს უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხის დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტით.
“შთამბეჭდავი ცინიზმია, რაც მოხდა. ცუდად მყოფი მიხეილი ნების საწინააღმდეგოდ ღამით ადვოკატების გაფრთხილების გარეშე გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული და შემაშფოთებელია – სამი ჰიპერტონული კრიზისის შემდეგ თავს უაღრესად მძიმედ გრძნობს, რამდენიმე დღია საწოლიდან ვერ დგება. მას არ გაუწიეს სრული სამედიცინო დახმარება და არ დაუნიშნეს ახალი მკურნალი ექიმი, ხოლო მკურნალობის სტრატეგიის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს სხვადასხვა პროფილის ექიმებმა”, – წერს დენისოვა Facebook-ზე.
მისი თქმით, სააკაშვილის ასეთ მძიმე მდომარეობაში საპატიმროში გადაყვანას წამებად აფასებს.
„მიხეილ სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა არის პატიმართა ქცევის მინიმალური სტანდარტული წესების 22-ე მუხლის დარღვევა. სამედიცინო დახმარების არ გაწევა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად უფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლით გარანტირებულ ნორმებს.
საქართველოს ხელისუფლების მსგავსი ქმედებებს ვაფასებ, როგორც წამებად და უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლის უფლების შელახვად, რაც წარმოადგენს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულების მე-6, მე-7, მე-9, მე-14, მე-18 მუხლების დარღვევას, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს მიერ 2002 წელს”,- აცხადებს უკრაინის ომბუდსმენი.
ის მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, რომ სააკაშვილი მოინახულოს რუსთავი N12 დაწესებულებაში მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის შემოწმების მიზნით.
“ვთხოვ საქართველოში უკრაინის ელჩს უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილისთვის საკონსულო დახმარება. მოვუწოდებ უცხო სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაგმონ საქართველოს რესპუბლიკის თანამდებობის პირების ქმედებები, რომლებიც არღვევენ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის უფლებებს და მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან მისი უფლებების აღდგენას“, – წერს დენისოვა „ფეისბუქზე.