“საზოგადოებას მოვუწოდებ, წაიკითხოს ე.წ. პრემიერის წერილი აშშ-ის პრეზიდენტისადმი. ეს არის, პირველ რიგში, სამარცხვინო: აქ დაცული არ არის არც ერთი პროტოკოლური და არც მეგობრული ურთიერთობა, და წერილს ამის არანაირი ნიშანი აღარ გააჩნია. არ ვიცი, ვინ დაუწერა; არ ვიცი, რა განწყობით დაიწერა ეს წერილი, მაგრამ რაც ჩანს – ამას უნდა ვუყურებდეთ.

აქ ჩანს ხელისუფლების სრული სასოწარკვეთა. ეს, ალბათ, პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა, ვერც ვერაფერს დაალაგებს. ის ვერც MEGOBARI Act-ის შედეგებს დაალაგებს, და ცხადია, რომ ძალიან დიდი ნერვიულობაა „ქართული ოცნების“ რიგებში. ამის გამომჟღავნებაა ეს წერილი.

ძალიან მაინტერესებს, ოდესმე თუ წაიკითხავს ამას ამერიკის პრეზიდენტი. ალბათ დღეს ამისთვის არ სცალია – ნაკლებად სცალია. მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა – ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი. გამაოგნებელი იქნება იმ ქვეყნიდან წამოსული წერილი, რომელსაც ამერიკა 30 წელზე მეტია ყველა კუთხითა და ფორმით ეხმარება: ამერიკა, რომელმაც ჩვენ ჯარი პრაქტიკულად მოგვცა, მოამზადა იმისთვის, რომ მას ჰქონდეს თანამედროვე სტანდარტები, რომელიც მოგვეხმარება იმისთვის, რომ ქართული ეკონომიკა იყოს თავის ადგილზე.

და 30 წელი ვიყავით ერთ-ერთი პირველი ბენეფიციარი ამერიკული დახმარების. ეს არის ჩვენი პასუხი. ეს არის ქართული ტრადიციული მადლიერება. ჩვენი ტრადიციები სად იკარგება – არ ვიცი. მაგრამ ეს რომ არის მაჩვენებელი ამ ხელისუფლების მორალურად და პოლიტიკურად ჩამოშლის, ეს არის ის, რაც ჩვენ დღეს უნდა დავინახოთ”

ასე ეხმაურება, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების” პრემიერის, ირაკლი კობახიძის ღია წერილს, რომლითაც მან აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს მიმართა.