ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ პარლამენტში ზოგიერთი პარტია შემოვა – ბურჯანაძე

გულწრფელად გეტყვით, ხელისუფლებასთან წერილის ამ ფორმით გაგზავნის მომხრე არ ვიყავი – როდესაც არის პრინციპული საკითხი, რომლის გადაწყვეტის გარეშე პარლამენტში არ შედიხარ, მთავარი შეთანხმება ჯერ ამ პრინციპულ საკითხზე უნდა მოხდეს, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

“რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის საკითხი, რომელიც ოპოზიციის მიერ გაგზავნილ წერილში იყო ჩამოთვლილი, თუმცა გულწრფელად გეტყვით, წერილის ამ ფორმით გაგზავნის მთლად მომხრე არ ვიყავი, რადგან ველოდი იმას, რაც ახლა მოხდა – ოპოზიცია მოლაპარაკებებზე მოვიდა თანხმობით რამდენიმე მნიშვნელოვან, მაგრამ მაინც მეორეხარისხოვან საკითხთან დაკავშირებით და ხელისუფლება კატეგორიული წინააღმდეგია პოლიტპატიმრებისა და არჩევნების ჩატარების საკითხის. დანარჩენი საკითხები მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი საკითხების თანმდევია.დააკვირდით მათ საახეებს, კომენტარებს, განცხადებებს. ამბობენ, რომ პარლამენტში ზოგიერთი პარტია შემოვა და თან ირონიულ ღიმილს გამოაყოლებენ ხოლმე, რომლის ქვეტექსტია: ამ კაცს ამხელა ფული აქვს და ვიყიდით. მე იმედი მაქვს, რომ ვერავის ვერ იყიდიან“, – განაცხადა ბურჯანაძემ.