საუბარი შეეხო პროტესტის დროს დაკავებულებს, დაკავებულ პოლიტიკოსებს, მზია ამაღლობელს – იოსელიანი მაიკლ ო’ფლაერტთან შეხვედრაზე

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარის, მაიკლ ო’ფლაერტისა და საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის შეხვედრა დასრულდა.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, საუბარი შეეხებოდა ადამიანის უფლებების მდგომარეობას საქართველოში. აინტერესებდა, მე როგორც სახალხო დამცველი, რა პროცესებში ვარ ჩართული და ის ანგარიში, რომელიც პარლამენტში წარვადგინე – ამ ანგარიშის ირგვლივ გვქონდა საუბარი. რამდენიმე საკითხს გაესვა ხაზი, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას.

ასევე, პროტესტის შედეგად დაკავებული ადამიანების მდგომარეობას, რომლებიც ახლა საპატიმროებში არიან. ამავე დროს, დაისვა შეკითხვები, არიან თუ არა პასუხისგებაში მიცემული ის პირები, რომლებიც შესაძლოა იყვნენ დამნაშავეები ადამიანების ცემაში.

ასევე, ერთ-ერთი საკითხი იყო, ზოგადად ორგანიზაციების მდგომარეობა საქართველოში. ბოლო ცვლილებები საკანონმდებლო სისტემაში, რომელიც პარლამენტში იქნა მიღებული.

საუბარი ზოგადად ყველაფერზე გვქონდა, მათ შორის, დაკავებულ პოლიტიკოსებზეც. აინტერესებდა მათი მდგომარეობა, მათ შორის, ჟურნალისტი მზია ამაღლობელის მდგომარეობა და დაინტერესდა საპატიმროში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით. ყველაფერზე მივაწოდეთ ინფორმაცია, რაშიც ჩართულები ვართ და რის ირგვლივაც ჩვენ გვიმუშავია.

საუბრის ერთ-ერთი თემა იყო „გრანტების შესახებ“ კანონში, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და სხვა კანონებში შესული ცვლილებები.

კარგი შეხვედრა იყო და იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც 2 წელია მაკავშირებს, გაგრძელდება. შარშანაც იყო და წელსაც ჩამოვიდა და ვფიქრობ სწორია. ადამიანის უფლებების მდგომარეობა არა მარტო საქართველოში, არამედ ზოგადად, მისთვის მნიშვნელოვანია. ის აქედან სხვა ქვეყნებში მიდის. მე მოხარული ვარ მისი ჩამოსვლით რადგან, როდესაც მე სტრასბურგში ჩავდივარ, ყოველთვის ვცდილობ მას შევხვდე და ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენთვის საერთოა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.