სარფის საბაჟოზე მოქალაქეები საზღვრის კვეთას დროულად ვერ ახერხებენ

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ხალხმრავლობაა და გაზრდილი ნაკადის გამო მოქალაქეები საზღვრის კვეთას დროულად ვერ ახერხებენ. მედიასთან საუბრისას  ამბობენ, რომ  დახმარებას ითხოვენ.

„დილიდან საზღვართან მოვედით და საბაჟოს გადაკვეთას ვცდილობთ. ხედავთ, რამდენი ხალხია, დროულად ვერ ხერხდება მოქალაქეების გატარება. არ ვიცით, რა ხდება. გვსურს, დროულად გადავკვეთოთ საზღვარი, ამისთვის დიდი ხანი გვიწვეს საზღვართან ყოფნა. აღსანიშნავია, რომ აქ არიან ის ადამიანები, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკაში სამკურნალოდ მიდიან. როგორ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანს საათობით საბაჟოს რიგში დგომა უწევდეს?“, – აცხადებენ მოქალაქეები.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტი აქტიური სეზონის პირობებში, გაზრდილი ტვირთნაკადისა და მგზავრთა გადაადგილების ფონზე, შეფერხებების გარეშე მუშაობს.

უწყების ცნობით, ორივე ქვეყნის მიმართულებით საზღვრის კვეთის კონტროლის პროცედურები სტანდარტული რეჟიმით და სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

„სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტი, აქტიური სეზონის გათვალისწინებით, გაზრდილი ტვირთნაკადის/მგზავრთა გადაადვილების პირობებში, მუშაობს შეფერხებების გარეშე და ორივე ქვეყნის მიმართულებით, სრული დატვირთვით მიმდინარეობს სტანდარტული საზღვრის კვეთის კონტროლის პროცედურები”,- განაცხადეს უწყებაში.