ხელი ისე მოაწერეს დოკუმენტს, ალბათ წაკითხულიც არ ჰქონდათ – წულუკიანი ოპოზიციაზე

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ ქართული ოცნების ამნისტიის კანონპროექტის მიმართ საპარლამენტო ოპოზიციის პროტესტმა დაანახა, რომ ოპოზიციაში “ბევრი არასერიოზული ადამიანია”.

მისი თქმით, ოპოზიციამ შარლ მიშელის დოკუმენტს მისი წაკითხვის გარეშე მოაწერა ხელი.

“ჯერ მოაწერეს შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი და ალბათ წაიკითხულიც არ ჰქონდათ და შემდეგ პარლამენტში აღმოაჩინეს, რომ ეს იდეა არ მოსწონთ… მე მინდა, მივესალმო ამნისტიის კანონპროექტს, რომელიც პირველი მოსმენით ქართული ოცნების ინიციატივით შევიდა პარლამენტში, ის სრულად აკმაყოფილებს ევროპული კონვენციის არაერთ დებულებას.

ახლა უკვე ოპოზიციის პოსტ ფაქტუმ მცდელობები, რომ პოლიტიკური ქულები დაიწერონ თავად არ იციან რაში, არის თავიდანვე განწირული… მეტი კვალიფიციურობა, მეტი სერიოზულობა, როცა ბავშვმაც კი იცის, რომ ხელს რაღაცას რომ აწერს, უნდა წაიკითხო, მაგრამ როგორც ჩანს, მათ ამისთვის არ ეცალათ, როცა პოლიტიკურ აჟიოტაჟში იყვნენ”,– თქვა წულუკიანმა.